18 მაისი 2024,   21:46
ვრცლად
მძიმე ვითარება ჯარში - "პოსტსკრიპტუმში"​ გასული სკანდალური რეპორტაჟი შესაძლოა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის მიზეზი გახდეს

პოსტსკრიპტუმში​ გასული სკანდალური რეპორტაჟი შესაძლოა უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნის მიზეზი გახდეს. საქმე ეხება თავდაცვის სამინისტროში არსებულ ვითარებას, რომელზეც შეიარაღებული ძალების ოფიცერი, უფროსი ლეიტენანტი, ზურაბ ჯიბუტი შეიარაღებულ ძალებში ნეპოტიზმსა და  ჯარში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობს.

პრეზიდენტს უშიშროების საბჭოს მოწვევის მოთხოვნით, ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა.

გიორგი ბარამიძემ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ის დოკუმენტები წარადგინა, რომელიც ბარამიძის განცხადებით, თავდაცვის უწყებაში, კერძოდ კი ჯარში არსებულ რთულ ვითარებას ადასტურებს.

„მიგვაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას, როგორც მთავარ ოპოზიციურ პარტიას ევალება, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ჩვენს ხელთ არის, ჯარის მეთოდური განადგურების, დეგრადაციის და რეალური მდგომარეობის და არა ის, რასაც ტელევიზიით აჩვენებენ თავდაცვის სამინისტროს და მთავრობის მესვეურები, გავაცნოთ უმაღლეს მთავარსარდალს. საქართველოს პრეზიდენტს ვთხოვთ, რომ მოიწვიოს ამ საკითხზე, ძალიან საგანგაშო ინფორმაციასთან დაკავშირებით, ჩვენს ჯარში არსებულ სიტუაციაზე ეროვნული უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი ბარამიძის მოთხოვნას გამოხმაურება უკვე მოჰყვა უშიშროების საბჭოს მხრიდან. უშიშროების საბჭოს საზოგადოებასა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან  ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ახალკაცმა განმარტა, რომ უშიშროების საბჭოს მოწვევის მიზანშეწონილობას თავად პრეზიდენტი დოკუმენტების გაცნობის შემდეგ გადაწყვეტს.

„მასალა, რომელიც ბატონმა გია ბარამიძემ მოიტანა დღეს, აუცილებლად გადაეცემა პრეზიდენტს. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს აპარატს, ჩვენ მზად ვართ, შევისწავლოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელიც ბატონმა გიამ წარმოადგინა და უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი მზად არის შეხვდეს ბატონ გიას რამდენიმე დღეში, როდესაც ჩვენ შევისწავლით ფაქტობრივ გარემოებებს, რაც ამ მასალაში არის მოყვანილი,“ - განაცხადა გიორგი ახალკაცმა.

დღის ამბები