20 მაისი 2024,   00:54
ვრცლად
კონსტიტუცია, რომელსაც პარლამენტი უყრის კენჭს, სრულ შესაბამისობაში იქნება ევროპულ სტანდარტებთან - თამარ ჩუგოშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი, ვენეციის კომისიის პლენარულ სესიას დაესწრებიან. ვიცე სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ გათვალისწინებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კომისიის ყველა რეკომენდაცია.

მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი პროექტი, რომელსაც პარლამენტი უყრის კენჭს, სრულ შესაბამისობაში იქნება ვენეციის კომისიის დასკვნასთან.

„ამ სესიაზე განხილული იქნება ის დასკვნა, რომელიც ვენეციის კომისიამ მოამზადა ჩვენს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენ თავიდანვე გვქონდა დადებული პირობა, რომ გავითვალისწინებდით ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას, ამ პირობას მივყვებით რა თქმა უნდა, ბოლომდე და ვასრულებთ და შესაბამისად, კონსტიტუციას, რომელსაც პარლამენტი  უყრის კენჭს, იქნება სრულ შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, იქნება გამართული დოკუმენტი და ჩვენი ქვეყნისთვის იქნება ძალიან კარგი კონსტიტუცია,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. 

ვიცე სპიკერმა საარჩევნო სისტემაზეც ისაუბრა. ჩუგოშვილი ამბობს, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული ამ დრომდე არ არის, სწორედ ამიტომ, შესაძლოა ცვლილება ორ ეტაპად განხორციელდეს. ჩუგოშვილი დარწმუნებულია, რომ ამ საკითხზე ვენეციის კომისიის მხრიდან კრიტიკა არ იქნება.

„ვენეციის კომისიასთან ჩვენ ეს ნათქვამი გვაქვს, მათ იციან, რომ ჩვენ შესაძლებელია ორ ნაბიჯად გადასვლა დაგვჭირდეს ამ სისტემაზე, ზუსტად იმის გამო, რომ გუნდის წევრების ნაწილი პრინციპულად წინააღმდეგია და დარწმუნებული ვარ, რომ ამაში კომისიის მხრიდან პრობლემა არ იქნება დანახული,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები