19 მაისი 2024,   16:49
ვრცლად
როდესაც არბიტრი ერთ მხარეს უსტვენს, იმ მატჩში მონაწილეობა საერთოდ არ უნდა მიიღო - უწყებათაშორისი კომისია ვენეციის კომისიას მიმართავს

უწყებათაშორის კომისიაში შემავალმა 15-მა ოპოზიციურმა პარტიამ ვენეციის კომისიას წერილი გაუგზავნა. წერილში იმ შენიშვნებზეა საუბარი, რომელიც მათ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით აქვთ. კერძოდ, მათი უარყოფითი დამოკიდებულება მაჟორიტარულიდან პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს გადასვლას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების ახალ წესს შეეხება. "ცესკოს" დაკომპლექტების ახალი წელი "ქართული ოცნების" მიერ არის ინიცირებული. ოპოზიციონერებს იმედი აქვთ, რომ მათი შენიშვნები ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაზე გავლენას მოახდენს.

„კომიტეტი უკვე განიხილავს პარლამენტში იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელისუფლების მხრიდან სრული მონოპოლიზირება საარჩევნო ადმინისტრაციის. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ინფორმირებული იქნება საკოორდინაციო საბჭოს მიერ ვენეციის კომისია,“ - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა, გიორგი ახვლედიანმა.

„ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემის შეცვლის გადავადება საკონსტიტუციო ცვლილებებში ერთადერთი პოზიტივის გაქრობის ტოლფასია.

„მაჟორიტარული სისტემის გაუქმების გადავადება გაურკვეველი ვადით, რაც იმ ერთადერთი პოზიტივის გაქრობაც არის, რაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებში იყო და მეორე, გაურკვეველი ნოვაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში 13-დან ჰყავდეს 10-11 წევრი. როდესაც არბიტრი მარტო ერთ მხარეს უსტვენს, იმ მატჩს არა თუ ვერ მოიგებ, საერთოდ არ უნდა გახვიდე იმ მატჩში,“ - განაცხადა მამუკა კაციტაძემ.

დღის ამბები