17 მაისი 2024,   16:14
ვრცლად
ვენეციის კომისიამ დაადასტურა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან - კობახიძე

ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, ვენეციის კომისიის მხრიდან გაიცა 20-ზე მეტი რეკომენდაცია, რომელიც როგორც ირაკლი კობახიძე ამბობს, სრულად იქნება გათვალისწინებული.

მისივე ინფორმაციით, არსებობს ორი საკითხი, რომელთან დაკავშირებითაც მმართველი გუნდი ევროპელ ექსპერტებთან დამატებით კონსულტაციებს გამართავს. რა საკითხებზე რჩება მიუღწეველი შეთანხმება კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა აღნიშნა, რომ ისინი კონსტიტუციისთვის საკვანძო საკითხებს არ წარმოადგენს.

„მოხარული ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილ საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ჩვენ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მზადყოფნა, რომ სრულად გავითვალისწინებთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას.

"მთლიანობაში იყო 20-ზე მეტი რეკომენდაცია წარმოდგენილი ვენეციის კომისიის დასკვნაში. არის ორი საკითხი რასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვექნება დამატებითი კონსულტაციები  ვენეციის კომისიასთან, თუმცა აქვე აღვნიშნავ იმას, რომ ეს ორი საკითხი არ არის საკვანძო მნიშვნელობის კონსტიტუციისთვის. რაც შეეხება საკვანძო საკითხებს, ყველა რეკომენდაცია ზედმიწევნით იქნება გათვალისწინებული,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები