12 მაისი 2024,   18:01
ვრცლად
პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი უთხრა

პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სესიის მოწვევაზე უარი უთხრა. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. 

პრეზიდენტმა პარლამენტს მოუწოდა, არ მიიღოს დაჩქარებული წესით შეუთანხმებელი საკონსტიტუციო ცვლილებები, ვენეციის კომისიის მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და რეკომენდაციებს დაუბრუნდეს და ამ რეჟიმში შეიმუშავოს უკეთესი პროექტი. 

"შევქმნათ ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, რომელიც იქნება დაფუძნებული კონსესუსსა და ვენეციის კომისიის მიერ შემოთავაზებულ ფუნდამენტურ პრინციპებზე. ნუ შევუქმნით პრობლემას ქართული დემოკრატიის განვითარებას,"- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებით რეალურად პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცა ხდება. 

„გუშინ საზოგადოებამ მოისმინა საკონსტიტუციო რეფორმისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობა მიიღო. ეს არის უარის თქმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხზე. ეს ცვლილება თვისობრივად ცვლის იმ შემოთავაზებულ პროექტს კონსტიტუციის რეფორმის, რომელიც განხილული იქნა ქართული საზოგადოების მიერ, რომელიც განიხილა ვენეცის კომისიამ. ამ ვითარებაში ის, რაც დარჩა სახელიდან ფუნდამენტური ცვლილებები კონსტიტუციისა და მოლოდინისა, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს კონსტიტუციის დახვეწის თვალსაზრით, მივიღეთ ფუნდამენტური ცვლილება მარტო პრეზიდენტის ინსტიტუტის შეკვეცის თვალსაზრისით. ეს ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს, უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციებს, უფლებებს, კონსტიტუციიდან უშიშროების საბჭოს გაქრობას“,- განაცხადა მარგველაშვილმა. 

რიგგარეშე სხდომის ჩანიშვნის შესახებ წერილით პრეზიდენტს პარლამენტის თავმჯდომარემ მიმართა. 

„ქართულ ოცნებაში“ დარწმუნებულები იყვნენ, რომ პრეზიდეტი განკარგულებას ხელს აუცილებლად მოაწერდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი თქმით, კანონმდებლობის თანახმად, სხდომას მაინც გამართავენ. 

რიგგარეშე სხდომაზე ქვეყნის კონსტიტუციური მოწყობის, მათ შორის, პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლა უნდა გადაწყდეს.

დღის ამბები