04 მაისი 2024,   12:21
ვრცლად
უმრავლესობის განცხადებით კონსტიტუციის პროექტში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოხდება

უმრავლესობის განცხადებით კონსტიტუციის პროექტი უკვე ორი მოსმენითაა მიღებული და მასში ცვლილებების შეტანა ვეღარ მოხდება, თუმცა პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით 161-ე მუხლის მიხედვით აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია პარლამენტმა მესამე მოსმენიდან კანონპროექტი ისევ მეორე მოსმენაზე დააბრუნოს. განმარტებები ამ თემაზე დღეს ფრაქცია "ქართულ ოცნების" ლიდერმა გააკეთა.

“მუშაობს ნორმა, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი პირველი და მეორე მოსმენით უნდა განიხილებოდეს ერთი სასესიო პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად ამ სასესიო პერიოდის განმავლობაში პირველი მოსმენა უკვე ჩატარებულია, მეორე მოსმენა ჩატარებულია და მოტივირებული გადაწყვეტილებაც რომ მიიღოს პარლამენტმა, შეუძლებელია დაბრუნდეს იმიტომ, რომ ერთი სასესიო პერიოდის განმავლობაში ვერ მოესწრება ორივე მოსმენით განხილვა. შეუძლებელია რიგ გარეშე სესიაზე მეორე მოსმენაზე დაბრუნება, გამომდინარე იქედან, რომ ეს არ იქნება საგაზაფხულო სესია, რომელიც მთავრდება დღეს. აქედან გამომდინარე პრინციპი რომ ერთ სესიაზე უნდა იქნას განხილული ორი მოსმენით კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, დაირღვევა და ამიტომ შეუძლებელია დაბრუნება მესამე და მეორე მოსმენაზე“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის რომან გოცირიძის თქმით, ეს არის კრიზისული დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას არ მოუტანს სიკეთეს.

“კონსტიტუცია იქნება სერიოზული დესტაბილიზაციის წყარო საქართველოში. ეს არის კრიზისული დოკუმენტი, რომელიც ქვეყანას არ მოუტანს სიკეთეს. ჩვენ ვხედავთ რომ მას არ ყავს ქვეყანაში არცერთი დამცველი, ერთი მოსყიდული ექსპერტიც ვერ გამოიყვანეს, რომ გაემართლებინა ეს ცუდი დოკუმენტი“ - აღნიშნა გოცირიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს” წევრის სერგი კაპანაძის თქმით, კი რეგლამენტი კონსტიტუციის პროექტის მეორე მოსმენაზე დაბრუნების საშუალებას იძლევა.

“რეგლამენტი ამის საშუალებას იძლევა, მათ შეუძლიათ დააბრუნონ ნებისმიერი კანონი, მათ შორის კონსტიტუციის კანონპროექტიც და იმ მიზნით, რომ იყოს მიღწეული კონსენსუსი საზოგადოებაში, შეუძლიათ დაბრუნდეს უკან მეორე მოსმენაზე და იყოს ისევ განხილვები“ - განაცხადა კაპანაძემ.

დღის ამბები