17 მაისი 2024,   13:43
ვრცლად
ჩვენ, ქალები, ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი პრინციპულობით და მშვიდობიანად მოვიტანთ ამ ქვეყანაში საჭირო ცვლილებებს! - ელენე ხოშტარია

ამ წუთებში ”ევროპული საქართველოს” ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. დელეგატები ორგანიზაციის თავმდჯომარეს და წევრებს ირჩევენ. ყრილობაზე შეკრებილებს სიტყვით „ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია მიმართავს. მისი თქმით, ქალებს ქვეყანაში საჭირო ცვლილებების შეტანა შეუძლიათ.

„ეს არ არის ჩვენი კარიერული ბრძოლა, ეს არ არის ჩვენი პარტიული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა იდეისთვის. ეს არის ბრძოლა ცვლილებისთვის, რომელიც ასე სასიცოცხლოდ სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას და მე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ, ქალები, ჩვენი სიმტკიცით, ჩვენი პრინციპულობით და მშვიდობიანად მოვიტანთ ამ ქვეყანაში საჭირო ცვლილებებს!“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი აზრით, ქალებმა ინიციატივა საკუთარ ხელში უნდა აიღონ.

„ჩემი ბრძოლა მერობისთვის მინდა იყოს იმის მაგალითი, რომ არ არსებობს კარი, რომელსაც ჩვენ ვერ შევაღებთ, არ არსებობს სირთულე, რომელსაც ჩვენ ვერ გადავლახავთ, არ არსებობს საქმე, რომელსაც ჩვენ ვერ მოვერევით და არ არსებობს მწვერვალი, რომელსაც ჩვენ ვერ დავიპყრობთ,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ქვეყანაში სტერეოტიპები ქალებთან მიმართებაში, ჯერ კიდევ არსებობს და აუცილებელია ამ სტერეოტიპების დამსხვრევა.

„მე, როგორც 4 შვილის დედა, პირდაპირ გეუბნებით, რომ არ არსებობს სტერეოტიპი, რომ არ შეიძლება იყო მზრუნველი დედა და იყო საზოგადოებრივად აქტიური ქალი. პირიქით, ჩვენ გვესმის ყველაზე მეტად, რომ ჩვენს შვილებს სჭირდებათ მომავალი,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ყრილობაზე სიტყვით „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარე, დავით ბაქრაძეც გამოვიდა. მან შეკრებილებს შეახსენა, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე თითოეული ადამიანის ბედი ნებისმიერი მოქალაქის ხელშია.

„ვართ ის ძალა, რომელიც აუცილებლად შეცვლის დღევანდელ უნიათო ხელისუფლებას, მაგრამ ამას გააკეთებს მშვიდობიანად, ყოველგვარი რყევების, ძალადობის, პრობლემების, შურისძიების გარეშე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ცვლილებები აუცილებლად სჭირდება და ქვეყანა უფრო ევროპული უნდა იყოს.

 

დღის ამბები