17 მაისი 2024,   08:00
ვრცლად
სუს-ი ადგილობრივ თვითმმართველობებში კანდიდატების შერჩევისას აქტიურად ერეოდა - თამარ კორძაია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და უწყების თანამშრომლების მიმართ გაკეთებულ იმ სკანდალურ განცხადებებს, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ზეწოლის მიზნით, სუს-ის ყოფილ თანამშრომლებს სპეციალურ ჯგუფში გაერთიანება მოსთხოვეს, ოპოზიციის ლიდერები ეხმაურებიან.

”თავისუფალი დემოკრატების” აღმასრულებელი მდივანი ლევან სამუშია გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე საუბრობს. სამუშია ამბობს, რომ გადაცემა “პოსტკრიპტუმში“ გაკეთებული განცხადებები, გამოძიების დაწყების რეალური საფუძველია.

“რაიმეს გადაჭრით საუბარი ძალიან ძნელია, მაგრამ ამ ხელისუფლებისგან გამორიცხული არაფერი არ არის, ეს ერთი და მეორე, აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ განცხადებას აკეთებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლები. აქედან გამომდინარე, უტყუარად უნდა დაიწყოს ამ საქმეზე გამოძიება და ჩვენ საზოგადოებამ უნდა მივადევნოთ ამ გამოძიებას თვალყური თუ გამოძიება დაიწყო. ვინაიდან,ჩვენ გვახსოვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში, პირადი ცხოვრების ბევრი კადრები იქნა გასაჯაროებული,“ -განაცხადა ლევან სამუშიამ.

კოალიციაში ყოფნის პერიოდს და გასული თვითმმართველობის არჩევნებს იხსენებს „რესპუბლიკური პარტიის" პოლიტიკური მდივანი. თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მაშინაც აქტიურად იყო ჩართული. კორძაია ირწმუნება, რომ თვითმმართველობის არჩევნებისას კანდიდატების შერჩევა უშუალოდ სუს-ის მიერ ხდებოდა.

"იმ არჩევნებშიც კი, როდესაც ჯერ კიდევ კოალიციაში ვიყავით, „რესპუბლიკელებმა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გავაკეთეთ განცხადება და ვთქვით, რომ სუს-ი სწორედ ამ მეთოდებით მუშაობს. ადგილობრივ თვითმმართველობებში კანდიდატების შერჩევისას, ის აქტიურად ერეოდა ამ საკითხების გადაწყვეტაში. რა თქმა უნდა, ეს არ შეწყვეტილა, ეს გრძელდება, უბრალოდ უკვე გაცილებით მეტი ადამიანი გაამწარეს ეტყობა და შესაბამისად, ეს ვლინდება და ადამიანები ლაპარაკობენ მათზე ზეწოლის შესახებ,“ -აცხადებს თამარ კორძაია.

“პოსტკრიპტუმში“ გასული რეპორტაჟის მიხედვით,  სუს-ის ყოფილ თანამშრომლებს სპეციალურ ჯგუფში გაერთიანება მოსთხოვეს, რომელსაც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე ფარული მიყურადება და თვალთვალი უნდა ეწარმოებინათ. ფარული მიყურადება-თვალთვალის მიზანი ოპონენტებზე კომპრომატების მოძიება იყო. საუბარია პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზეც.

სუს-ის ყოფილი თანამშრომლების ბრალდებებზე განმარტებებს გომელაურის უწყებაში არ აკეთებენ, თუმცა ადასტურებენ, რომ ნინო ნიქაბაძე და კობა კაპანაძე მათი თანამშრომლები იყვნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები