„რუსთავი 2-“მა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლისგან, ნინო ნიქაბაძისგან სკანდალური წერილი მიიღო. წერილში გოგონა წერს, რომ სუს-ში მუშაობა, თავად სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა დააწყებინა, რადგან ნინო ნიქაბაძის მამამთილი გომელაურის ცოლის ძმა და ძალიან დაახლოებული პირია.
ნინო ყვება, რომ საკუთარი მშობლების, ძმების, მეუღლისა და მისი ოჯახის მხრიდან წამოსული ძალადობის მსხვერპლია. ხოლო სუს-ი მისი მეუღლის ოჯახს ამ ყველაფერში ზურგს უმაგრებს.
წერილის ავტორის განცხადებით, სიტუაცია მაშინ დაიძაბა, როდესაც, როგორც ნინო ნიქაბაძე წერს, 2017 წლის დასაწყისში სუს-ის ახალ პროექტში მონაწილეობაზე შეთავაზება მიიღო. ნინო ნიქაბაძე აცხადებს, რომ ეს არჩევნებისთვის კეთდებოდა, რათა ოპონენტების დისკრედიტირება ნებისმიერი გზით განეხორციელებინათ. მათ შორის საუბარი იყო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გამოყენების შესაძლებლობაზეც.
ამის თაობაზე ნინომ თავის მეგობარს, სუს-ის თანამშრომელს, კობა კაპანაძეს შეატყობინა. როგორც ნინო "პოსტსკრიპტუმთან" საუბრისას აღნიშნავს, მეგობარმა პროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა ურჩია.
უარის შემდეგ, როგორც ნინოს, ისე კობას სამსახურიდან წასვლა მოსთხოვეს.
როგორც თავად ყვება, სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ და მანამდეც, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი იყო, ამბობს, რომ მეუღლე ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა და ამაში მამაკაცს თავად ნინოს მშობლებიც ამართლებდნენ.
დღეს ნინო ნიქაბაძე და კობა კაპანაძე საზღვარგარეთ არიან და ამბობენ, რომ საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, რადგან, როგორც აცხადებენ, მუქარა მათ მიმართ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს არაერთხელ შეუთვლიათ.
ამ და სუს-ის სპეციალური წინასაარჩევნო პროექტის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის უფროსი არ ადასტურებს და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არასერიოზულია.
ასევე უარყოფენ ნინოზე ძალადობის ფაქტებს როგორც მისი მეუღლე, ისე ძმები და საკუთარი მამა. ისინი ნინო ნიქაბაძეს შვილების მიტოვებასა და კობა კაპანაძესთან ერთად გაქცევაში ადანაშაულებენ.
თავად ნინო კი აცხადებს, რომ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას ნებისმიერ ფასად შეეცდება.
ავტორი: გვანცა სუთიძე.