06 მაისი 2024,   11:35
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილისა და მაიკ პენსის შეხვედრა - საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზება

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, აშშ-ის ვიცეპრეზიდენტ მაიკ პენსს შერეულ საავიაციო ბაზაზე შეხვდა და მას საქართველოს გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობის გაზრდასა და რუსულ ოკუპაციაზე ესაუბრა.

პრეზიდენტის მრჩეველი, თენგიზ ფხალაძე, აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვიცეპრეზიდენტს მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისთვის მადლობა გადაუხადა და აშშ-საქართველოს შორის პოლიტიკური კონსულტაციების გასაღრმავებლად, საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაც შესთავაზა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ვანო მაჭავარიანი, აცხადებს, რომ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზება მნიშვნელოვანია აშშ-თან თავდაცვის, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა, სავაჭრო თუ სხვა საკითხებში თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

„პრეზიდენტმა მარგველაშვილმა შესთავაზა ვიცეპრეზიდენტს, რომ ის საკითხები, რომლებიც იქნა ჩამოთვლილი, როგორც ღიად, ისევე ორმხრივი საუბრის დროს, საჭიროებს განსაკუთრებულ ყურადღებას და იდეა სპეციალური წარმომადგენლის, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც წესი, ჰყავთ ხოლმე,“ - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა. 

უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი, კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის შეთავაზება კომპეტენტური არ არის.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში 7 ივლისს დანიშნა და ეს თანამდებობა შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა ნატოში და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორმა, კურტ ვოკერმა, დაიკავა.

ამ თანამდებობის შემოღების მიზანი აშშ-ის ძალისხმევის გაძლიერება იყო, რათა მინსკის შეთანხმების შესრულება და უკრაინაში მშვიდობის დამყარება მომხდარიყო. კურტ ვოკერი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის წინაშეა ანგარიშვალდებული.

 

დღის ამბები