06 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
ხმაური და დაპირისპირება ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულთა პროცესზე

საქალაქო სასამართლო ამ წუთებში ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. პროცესი ხმაურით დაიწყო. პროკურორის სიტყვას, სადაც მან თანხა ახსენა, რომელსაც ბრალდებულები, სავარაუდოდ, ბიზნესმენებს სძალავდნენ, ბრალდებულების პროტესტი მოჰყვა.

ერთ-ერთმა ბრალდებულმა, გიორგი რეხვიაშვილმა ახსენა ბუჩუკური, რომელიც საქმეში ფიგურირებს, თუმცა მას დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული. დაკავებულის თქმით, ის ბუჩუკურთან სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა და ის ხელფასს არ უხდიდა. ამის შემდეგ დაიძაბა სხდომათა დარბაზში ვითარება და მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა, თუმცა, ხმაური სხდომათა დარბაზის გარეთ გაგრძელდა.

ბრალდებულების ოჯახის წევრები ჟურნალისტების მიმართ აგრესიით გამოირჩეოდნენ, რის გამოც სასამართლოს ფოიეში მანდატურების დამატებითი რაოდენობის გამოძახება გახდა საჭირო.

დაცვის მხარე ამბობს, რომ პროცესზე გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულების გათავისუფლებას მოითხოვს. ბრალდების მხარე კი, დაკავებულების პატიმრობაში დატოვებას ითხოვს.

დავით და ტარიელ მახარობლიძეებს, ასევე გიორგი რეხვიაშვილს ბრალი გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულები კრიმინალური ავტორიტეტის "გლეხოვიჩის" დავალებებს ასრულებდნენ და ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები