06 მაისი 2024,   11:26
ვრცლად
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს პატიმრობა შეეფარდათ

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებს - დავით და ტარიელ მახარობლიძეებს, ასევე გიორგი რეხვიაშვილს, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულების პატიმრობაში დატოვებაზე, დააკმაყოფილა. მომდევნო სხდომა 21 სექტემბერს ჩაინიშნა.

დავით და ტარიელ მახარობლიძეებს, ასევე გიორგი რეხვიაშვილს ბრალი გუშინ ოფიციალურად წარუდგინეს, სადაც ნათქვამია, რომ დაკავებულები კრიმინალური ავტორიტეტის "გლეხოვიჩის" დავალებებს ასრულებდნენ და ბიზნესმენს ფულს სძალავდნენ.

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე საქალაქო სასამართლო მსჯელობდა. პროცესზე დაპირისპირება და ხმაური იყო. 

პროკურორი ვერ აკონკრეტებს საგამოძიებო უწყებას ჰქონდა თუ არა ინფორმაცია, რომ ბრალდებულები იმ სამშენებლო კომპანია „რაზაში“ მუშაობდნენ, რომლის დირექტორიც საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბიზნესმენი ზაზა ჩიტიშვილია, ხოლო უშუალოდ ის პირი, ვისაც თანამშრომლებისთვის ხელფასი უნდა გადახედა, ბიზნესმენი დავით ბუჩუკურია, რომელიც საქმეში ფიგურირებს, თუმცა მას დაზარალებულის სტატუსი არ აქვს მინიჭებული.

ადვოკატების განცხადებით, დავით ბუჩუკური მისი დაცვის ქვეშ მყოფებს კუთვნილ ხელფასებს არ უხდიდა და მუშებისთვის გასაცემმა დავალიანებამ ჯამში 38 ათასი ლარი შეადგინა, რომლიდანაც ნაწილი ბრალდებულ დავით მახარობლიძესა და გიორგი რეხვიაშვილს ეკუთვნოდათ. ადვოკატების თქმით, ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც არსებობს.

დაცვის მარის განმარტებით, ბრალდებულები არაერთხელ შეხვდნენ ბიზნესმენებს, რათა ხელფასის გადახდა მოეთხოვათ, თუმცა მათ თანხის მიღება ქურდული სამყაროს სარგებლობისთვის არ უთხოვიათ და არც კრიმინალური ავტორიტეტის "გლეხოვიჩისთვის" მიუმართავთ.

ბრალდებულთა ადვოკატი საქალაქო სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები