27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
ოპოზიცია რუსეთისთვის სანქციების შემდეგ, საპასუხო რეაქციას ელოდება

შეერთებული შტატების სანქციების საპასუხოდ რუსეთის მხრიდან გარკვეულ პროვოკაციებს ოპოზიცია არ გამორიცხავს. მათი აზრით, რუსეთმა შესაძლოა კვლავ გააგრძელოს მავთულხლართების გავლება, თუმცა მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონს რეალური შედეგი მოჰყვება. ასეთ ვითარებაში კი, მმართველი გუნდის ოპონენტების აზრით, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს უფრო ქმედითი გადაწყვეტილებები და საქართველოს საკითხი კიდევ უფრო გაააქტიუროს საერთაშორისო არენაზე.

„ყველა ნაბიჯი, რომელსაც პუტინი დგამს, ემსახურება ერთს, მოსინჯოს საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციები, რამდენად მკაცრად დაუდგება მას დასავლეთი და პირველ რიგში, აშშ. ამ ნაბიჯით ტრამპმა ცალსახად აჩვენა, რომ გადახვევას ამ პოლიტიკიდან არ აპირებენ,“ - განაცხადა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კალანდაძემ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ფიქრობს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკისთვის მნიშნელოვანი დარტყმა იქნება.

„დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთიც შეეცდება საპასუხო ზომები განახორციელოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ ვითარებაში, როდესაც განახლდა სანქციები, საქართველო ყველგან იყოს, ყველა პაკეტში არსებობდეს და აქცენტირებული იყოს, რომ არა მარტო უკრაინაა ოკუპირებული,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე, პაატა დავითაიაც არ გამორიცხავს, რომ საქართველო რუსეთისგან საპასუხო ქმედებებს უნდა ელოდოს.

„8-ში პუტინის ჩასვლა სოხუმში, ეს პირველი მერცხალია, თუ შეიძება ასე ითქვას. ასეთი საერთაშორისო ზეწოლებით, სანქციებით, მოხერხდება რუსეთის უკან დახევა, სხვა გზას მე ვერ ვხედავ, მაგრამ იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, შეიძლება დაიძაბოს,“ - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები