19 მაისი 2024,   11:56
ვრცლად
აშშ-ის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ - დოკუმენტში საქართველო 6-ჯერ არის ნახსენები

რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციების დაწესების თაობაზე კანონპროექტი, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ უკვე ხელმოწერილია. დოკუმენტში საქართველო 6-ჯერ არის ნახსენები. რუსეთს შეერთებული შტატები, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გამო, დამატებით შეზღუდვებს აკისრებს.

სანქციების შესახებ კანონში დეტალურად არის გაწერილი მოსკოვის ყველა ის ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეფასდა, მათ შორის შეერთებული შტატების წინააღმდეგ კიბერთავდასხმები და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ხელყოფა.

კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებული კანონი ავალდებულებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ მოუწოდოს. იმ ქვეყნების მხარდასაჭერად კი, რომლებიც ევროპასა და ევრაზიაში რუსული გავლენის წინაშე დაუცველები არიან, ასევე რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილეობენ, შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან 2018-19 წლებში 250 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

რუსეთმა საპასუხო ზომები დოკუმენტის კონგრესში დამტკიცებისთანავე აამოქმედა. მოსკოვმა ვაშინგტონს დიპლომატების რიცხვის შემცირება მოსთხოვა და საელჩოს კუთვნილი უძრავი ქონება ჩამოართვა. 

სანქციების კანონი მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებს რუსეთის საფინანსო და ენერგოსექტორს. ამის გამო დოკუმენტს ევროკავშირის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. ევროპელმა პარტნიორებმა განაცხადეს, რომ რუსეთთან ერთად, სანქციები ევროპულ კომპანიებსაც დააზარალებდა და ვაშინგტონს კონსულტაციებისკენ მოუწოდეს.

კანონის ხელმოწერის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ოფიციალურ განცხადებაში კმაყოფილება გამოთქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა ევროპის პოზიცია გაითვალისწინა.

 

ავტორი: თეა თეთრაშვილი

დღის ამბები