02 მაისი 2024,   06:18
ვრცლად
ე.წ. პიჯაკები საქმის ახალი გარემოებები - საგამოძიებო უწყება სააკაშვილს სამგლოვიარო გვირგვინებისა და საქველმოქმედო ხარჯებს ედავება

ე.წ. პიჯაკების საქმეში ახალი გარემოებები გამოიკვეთა. ნაციონალურ მოძრაობაში ბრალდების დოკუმენტაცია შეისწავლეს. ტანსაცმლის გარდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს საგამოძიებო უწყება სამგლოვიარო გვირგვინების, ელჩების მასპინძლობისა და საქველმოქმედო ხარჯებს ედავება.

ოპოზიციური პარტიაში კვლავ საქმის პოლიტიკურ მოტივებზე საუბრობენ.

სამგლოვიარო გვირგვინი, რომელზეც პრეზიდენტის ფონდიდან 2012 წელს 500 ევრო დაიხარჯა, პროკურატურამ ჩეხეთში ვაცლავ ჰაველის დაკრძალვაზე ჩასული პრეზიდენტის ვიზიტისას გაწეულ სხვა ხარჯებთან ერთად გაფლანგვად მიიჩნია.

გაფლანგვის საქმეში ფიგურირებს დიპლომატების მასპინძლობისთვის გაწეული ხარჯები, მათ შორის, გერმანიის, ბრაზილიისა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლების მესტიასა და ბათუმში მასპინძლობა.

დოკუმენტაციით, რომელსაც გრიფით საიდუმლო პროკურატურის მოთხოვნით მოეხსნა, ირკვევა, რომ 2012 წელს სომხეთის პირველი ლედის საჩუქრისთვის დახარჯული თანხაც არამიზნობრივადაა მიჩნეული.

საქმეში ფიგურირებს ყოფილი პირველი ლედის ხარჯებიც. სანდრა რულოვს სხვადასხვა დროს საქველმოქმედო მიზნით ფონდიდან შეძენილი აქვს საბავშვო სათამაშოები, წიგნები და ბავშვების ჰიგიენის ნივთები.

პროკურატურის ინფორმაციით, სულ საუბარია სახელმწიფო ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარის გაფლანგვაზე, თუმცა დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ. ბრალდების მტკიცებით, ეს თანხა 2009-2013 წლებში არამიზნობრივად იყო გახარჯული. მათ შორის, თანხა უცხოეთში ვიზიტებისას მიხეილ სააკაშვილის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის და ავტომანქანების მომსახურებაზე დაიხარჯა. ყველაზე გახმაურებული კი შვიდი პიჯაკის საქმე, ქაშმირის პალტოსა და ათამდე მაჯის საათის შეძენაა.

დღის ამბები