02 მაისი 2024,   08:06
ვრცლად
პუტინი ოკუპირებულ რეგიონში - ხაჯიმბამ რუსეთის ლიდერისგან დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების დაცვის გარანტია მიიღო

ვლადიმერ პუტინი აგვისტოს ომის წლისთავზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში ჩავიდა. რუსეთის ლიდერი ბიჭვინთაში საოკუპაციო რეჟიმის ლიდერთან შესახვედრად ვერტმფრენით ჩავიდა. რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ მოლაპარაკების შემდეგ, შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში შედგა და რამდენიმე ხელშეკრულებაც გაფორმდა. 

საოკუპაციო რეჟიმის ლიდერმა სტუმარს მხარდაჭერისთვის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. საპასუხოდ კი ვლადიმერ პუტინისგან უსაფრთხოების დაცვის გარანტია მიიღო.

„რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერის წყალობით, აფხაზეთი წინ მიიწევს სოციალური ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურის მშენებლობით, წყვეტს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთისთვის დღევანდელი დღე ხსოვნის დღეა. ამ დღეს დაიწყო საქართველოს არმიის ფართომასშტაბიანი ოპერაცია და რუსეთის ხელისუფლების მიერ განხორციელებულმა გადამწყვეტმა ქმედებებმა სამხრეთ ოსეთს გადარჩენის საშუალება მისცა. რა თქმა უნდა, ასევე შესაძლებლობა მისცა შემდგომში ჩვენი პატარა სახელმწიფოების აღიარებას,“ - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული ბაზის მნიშვნელობასაც და განაცხადა, რომ ეს ბაზა რეგიონში სტაბილურობის გარანტია.

„9 წლის წინ, დრამატული მოვლენების შემდეგ რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. მას შემდეგ დიდი სამუშაოები ჩატარდა და მნიშვნელოვანი შედეგიც მიღწეულია. აფხაზეთი რუსეთის მნიშვნელოვანი მოკავშირე და პარტნიორია და ჩვენ შემდგომშიც ხელს შევუწყობთ აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. რუსეთი საიმედოდ დაიცავს მის უსაფრთხოებას და პოლიტიკურ მხარდაჭერასაც გაუწევს. თავის მხრივ აფხაზეთის ხელისუფლება თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც გამიზნულია რესპუბლიკის საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსის გამყარებისკენ. ორიენტირებული ვართ, მოვამზადოთ საგზაო რუკა თანამშრომლობის ეტაპობრივი გაღრმავებისთვის თავდაცვის, უსაფრთხოებისა და საზღვრების დაცვის სფეროებში. აფხაზეთში გაერთიანებული რუსული ბაზა მთავარი როლის შესრულებას განაგრძობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

დღის ამბები