19 მაისი 2024,   19:31
ვრცლად
პუტინის ვიზიტი აფხაზეთში - ოპოზიციის თქმით, ხელისუფლებამ რუსეთზე ზეწოლა უნდა გააძლიეროს

მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტის მიზანი, რეგიონში მცხოვრები ხალხის გულის მოგებაა.

გუშინ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, უახლოეს მომავალში, ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობა რუსეთის ჯანდაცვის ერთიან სისტემაში ჩაერთვება, 2019 წლამდე კი, რუსეთის ხელისუფლება საოკუპაციო რეჟიმს დამატებით 6 მილიარდი რუბლით ანუ დაახლოებით, 100 მილიონი დოლარით დაეხმარება.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ცქიტიშვილი ფიქრობს, რომ ადრე თუ გვიან ოკუპირებულ რეგიონებში მიხვდებიან, რომ რუსეთი მარტო დარჩა.

„ეს არის უბრალოდ იძულებითი ნაბიჯი პუტინის, იმიტომ რომ აშკარაა, რომ აფხაზეთის მოსახლეობაში რუსეთი კარგავს თავის ავტორიტეტს და ბუნებრივია, გარკვეული გაძლიერების ნიშნები უნდა შესთავაზონ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მე მგონია, რომ ეს გარდაუვალია, რომ მოსახლეობა დაინახავს, რომ რუსეთი არის მარტო,“ - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ საკოორდინაციო საბჭოს წევრი, აკაკი მინაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის შემდეგ, რუსეთზე ზეწოლა გაეგრძელებინა.

„ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებას გაეგრძელებინა დიმპლომატიური აქტიურობა რუსეთის საწინააღმდეგოდ, ჩვენ პირიქით, მივიღეთ მობოდიშების ტონი რუსეთის მიმართ, საქართველოს მთავრობის წევრებისგან ამერიკის ვიცე პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ,“ - განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ დათმობის პოლიტიკა შედეგს ვერ გამოიღებს და კრემლი თავისი მიზნების განხორციელებას განაგრძობს.

„პუტინს აქვს თავისი გეგმა, რომ მოიგოს გული იქ არსებული უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი მოსახლეობის, რომელსაც ძალიან უჭირს ეკონომიკურად, არ აქვს, პრაქტიკულად ჯანდაცვა, არ აქვს პრაქტიკულად, განათლება და პუტინი კარგად ხვდება, რომ თუ საქართველო გააძლიერებს თავის პოტენციალს, შექმნის ძლიერ და დემოკრატიულ სახელმწიფოს, მაშინ ბუნებრივია, რუსეთის სტრატეგია არ იმუშავებს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები