17 მაისი 2024,   05:53
ვრცლად
გუბერნატორების გადადგომას ოპოზიცია წინასაარჩევნო გათვლას უკავშირებს - მმართველი გუნდი ზედმეტ აჟიოტაჟზე საუბრობს

სახელმწიფო რწმუნებულების გადადგომასთან დაკავშირებით ზედმეტი აჟიოტაჟია ატეხილი - აცხადებენ უმრავლესობაში და ამტკიცებენ, რომ განსაკუთრებული არაფერი ხდება.

“ადამინების წასვლა თანამდებობებიდან იმდენად სკანდალურად ჟღერდა ყოველთვის, რომ ვფიქრობ ეს საშუალება, მექანიზმი, სკანდალური თემის შემოტანისა, არ უნდათ, რომ დაივიწყონ, მაგრამ რაღაც ახალიც უნდა დავნერგოთ. პრემიერმინისტრის წასვლა მაშინ, როცა მიიჩნევს, რომ წასასვლელია, გუბერნატორის წასვლა მაშინ, როდესაც გუნდი მიიჩნევს, რომ წასასვლელია. ასე რომ, ახალი და განსაკუთრებული ამაში არაფერია“- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიცია კი ამ ფაქტს მმართველი გუნდის მიერ წინასაარჩევნო გათვლას უკავშირებს. მათი თქმით, "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის, შესაბამისად ხდება იმ პირების მობილიზება, ვინც დავალებებს უსიტყვოდ შეასრულებს.

“ასე ერთდროულად რეგიონში რამდენიმე გუბერნატორის გამოცვლა რა თქმა უნდა, აღძრავს ეჭვს, რომ ეს არის დაკავშირებული პირდაპირ საარჩევნო პროცესთან. ჩვენი ინფორმაციით, რაჭაში ინიშნება ადამიანი, რომელიც ბოლო რამდენიმე არჩევნების განმავლობაში იყო "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი,“ - აღნიშნა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.  

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის ირაკლი კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი.

“ეს ცვლილებები რა თქმა უნდა, განეკუთნება წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ნაწილს. ეს გუბერნატორები დანიშვნის დღიდან წარმოადგენდნენ ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ხალხს, რომლებიც საქართველოს მთავრობაში იყვნენ. ხელისუფლება მიმართავს მისთვის ნაცად მეთოდს, რომ გამოიყენოს ადმინისტრაციული რესურსი და საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები,“ - განაცხადა კიკნაველიძემ.

დღის ამბები