02 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
პასპორტიზაციის ახალი ეტაპი - საოკუპაციო რეჟიმის ულტიმატუმი აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს 

საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთში მცხოვრებ, ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას ულტიმატუმს უყენებს. გალის დე ფაქტო ადმინისტრაცია ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებლებს აფრთხილებს, რომ ე.წ. პასპორტიზაციის ახალ ეტაპს იწყებს და 2018 წლიდან აუქმებს ყველა მანამდე არსებულ დოკუმენტს. ამით გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველები არჩევანის წინაშე დგებიან, ან უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე და აფხაზეთის ე.წ. მოქალაქის ახალი პასპორტი აიღონ, ან დათანხმდნენ ე.წ. ბინადრობის მოწმობას, რომელიც მათ ისედაც შეზღუდულ უფლებებს, მათ შორის ქონებრივსაც კიდევ უფრო ზღუდავს.

საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ ფაქტს ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევად და იდენტობის შეცვლის მცდელობად აფასებს. მინისტრი ციხელაშვილი საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებაზე საუბრობს.

ოპოზიცია კი, ოკუპირებულ აფხაზეთში დაწყებულ ე.წ. პასპორტიზაციის ახალ ეტაპს აპარტეიდად აფასებს და ხელისუფლებას ურჩევს საკითხი არა მარტო საერთაშორისო ასპარეზზე გააპროტესტოს, არამედ რუსეთს ადამიანების უფლების უხეში დარღვევისთვის საერთაშორისო სასამართლოებშიც უჩივლოს.

პასპორტიზაციის ახალი ეტაპი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ლიდერების განცხადებით, ახალი წლის 1 იანვრამდე უნდა დასრულდეს.

დღის ამბები