02 მაისი 2024,   05:08
ვრცლად
უბარიერო პარლამენტი და 40 პარტია საკანონმდებლო ორგანოში - ოპოზიცია პოლიტიკურ სატყუარაზე საუბრობს

2020 წელს საქართველოს პარლამენტში შესაძლოა, ბევრი პოლიტიკური პარტია მოხვდეს. მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მმართველი გუნდი 2020 წლისთვის, გადასალახი 5%-იანი ბარიერის ერთჯერადად გაუქმებას გეგმავს.

ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნებზე წარმატების მოსაპოვებლად და პარლამენტში მოსახვედრად, პარტიებს მხოლოდ ე.წ. ბუნებრივი ბარიერის გადალახვა მოუწევთ, რაც დაახლოებით, 1%-ია.

ოპოზიციაში საკითხზე აზრი ორად გაიყო. დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარად, მმართველი გუნდი საკუთარი დიდი შეცდომისა და საარჩევნო სისტემის დიდი ნაკლის, მაჟორიტარული სისტემის დატოვების გადაფარვას ცდილობს. პოლიტიკოსები ამ ინიციატივას „პოლიტიკურ სატყუარას“ უწოდებენ.

არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ამგვარად, თითო პარტიიდან პარლამენტში მოხვედრას, თითო ადამიანი მოახერხებს და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პირობებში, „ქართული ოცნება“ კვლავ მოახერხებს საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას.

თუმცა, არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ უბარიერო არჩევნები კარგი გადაწყვეტილება იქნება, რადგან პარლამენტში ნამდვილი პოლიტიკოსებიც მოახერხებენ მოხვედრას. ისინი აქვე აღნიშნავენ, რომ ეს შემოთავაზება, ოპოზიციის მხრიდან დათმობის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ვოლსკი კი, ოპოზიციას შეხვედრას სთავაზობს, თუმცა კონკრეტულ თემებზე არ საუბრობს.

შეგახსენებთ, რომ ყველაზე მრავალფეროვანი პარლამენტი საქართველოს 1992 წელს ჰყავდა, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში 40 პარტია შედიოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები