02 მაისი 2024,   05:07
ვრცლად
ივანიშვილის ხეების გადამზიდი კომპანია "ზიმო" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შავ სიაში შეიყვანა

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ კომპანია „ზიმო“, რომელსაც აჭარიდან გურიაში ივანიშვილის ხეები გადააქვს, შავ სიაში შეიყვანა. კომპანიის ანგარიშზე უკვე რამდენიმე შეუსრულებელი პროექტია.

„კურიერთან“ ძალოვანი უწყების ერთ-ერთი თანამშრომელი აცხადებს, რომ ახალციხეში პოლიციის, დაცვის პოლიციის და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს მათივე უწყებები შეღავათიან ფასად, საცხოვრებელი ბინების აშენებას დაპირდნენ. მისი თქმით, თანამშრომლებმა ფართების შესაძენად ბანკიდან სესხი აიღეს, თუმცა ბინები ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.

დაზარალებულები „კურიერს“ ანონიმურად ხელისუფლების უყურადღებობაზე და იმ უმძიმეს მატერიალურ მდგომარეობაზე უყვებიან, რომელშიც აღმოჩნდნენ. ისინი აცხადებენ, რომ ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში, თვეში 220 დოლარამდე თანხის გადახდას ვეღარ ახერხებენ.

ისინი ღიად საუბრისგან თავს იკავებენ, რადგან მათ პირდაპირ უთხრეს, რომ ხმის ამოღების შემთხვევაში, ვერც შედეგს მიიღებდნენ და ერთადერთ შემოსავალსაც დაკარგავდნენ.

კომპანია „ზიმო“-ში განმარტავენ, რომ თანხების არსებობის შემთხვევაში, კორპუსების მშენებლობა 3 თვეში დასრულდება. „კურიერს“ შსს-სა და იუსტიციის სამინისტროში კონკრეტულად არ უპასუხეს, რა ბედი ელით ახალციხელებს, რომლებიც წლებია, გრძელვადიან კრედიტში თანხას იხდიან, კორპუსის მშენებლობა კი, ამ დრომდე შეჩერებულია.

დღის ამბები