26 აპრილი 2024,   06:46
ვრცლად
სახელმწიფომ მოქალაქეები დატოვა ელემენტარული დახმარების გარეშე - ზაალ უდუმაშვილი

ამ წუთებში, საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, მუშაობის სამწლიან ანგარიშს წარადგენს. შეხვედრას, "ნაციონალური მოძრაობის" მერობის კანდიდატი, ზაალ უდუმაშვილი ესწრება, რომელიც სოციალურად დაუცველებისთვის ახალ ინიციატივას აცნობს. საუბრისას ძირითადი აქცენტი სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის სოციალური დახმარების გაცემაზე გაკეთდა.

„ძალიან ბევრს დავდივარ ყოველდღიურად ქალაქში. ათეულობით და ასეულობით ოჯახში ვაკაკუნებ და შევდივარ და ვიგებ თითოეულის პრობლემას. აქედან უმეტესობა მხვდება სოციალურად დაუცველი ადამიანი. ამასწინათ ვიყავი მთაწმინდაზე ქალბატონ ლედი ბარამიძესთან შესული. აქ არ არის საუბარი, რომ არ აქვს სახლში მაცივარი და ტელევიზორი, რომელიც პრაქტიკულად არ აჩვენებს. ამ დარბაისელ ქალბატონს სველი წერტილი არ აქვს სახლში და მეზობლების კეთილი ნება რომ არ იყოს, არ ვიცი ეს ქალბატონი როგორ გაატანდა დღიდან დღემდე. მე მაინტერესებს იმ ადამიანს ჩავხედო თვალებში, ამ ქალბატონთან რომ შევიდა სახლში და ქულები მოუმატა და დატოვა სოციალური დახმარების გარეშე,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, ადამიანთა უმეტესობას საცხოვრებელი პირობები არ გააჩნია, თუმცა მათ სოციალურ დახმარებას მაინც უხსნიან. დახმარების მოხსნის მიზეზად კი, ხშირ შემთხვევაში სახლში პარკეტის არსებობა სახელდება.

„ამ დარბაზში ძალიან ბევრი ადამიანია შეკრებილი, რომელიც ხელისუფლების უგულობის გამო აღმოჩნდა შიმშილის ზღვარზე,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.   

თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ სახელმწიფომ მოქალაქეები დატოვა ელემენტარული დახმარების გარეშე.

ზაალ უდუმაშვილმა შეკრებილებისგან პირადად მოისმინა პრობლემები და მიზეზები, რომლის გამოც მათ სოციალური დახმარებები შეუწყდათ. მოქალაქეები ამბობენ, რომ მთავარ პრობლემას იმ ადამიანების კომპეტენცია წარმოადგენს, რომლებიც ქულების რაოდენობას ადგენენ. 

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს. 

დღის ამბები