06 მაისი 2024,   12:30
ვრცლად
სკანდალური აუდიოჩანაწერი - გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე ოპოზიციური პარტიები საუბრობენ

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პროკურატურას უკრაინული ვებგვერდის მიერ გავრცელებული ჩანაწერების შესწავლისკენ მოუწოდებენ. დღეს გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა პროკურატურას კიდევ ერთხელ მიმართა.

ბექა ბასილაია ამბობს, რომ მღებრიშვილი პრანკერების სკანდალურ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე არ დაწყებულა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი, ნინო კალანდაძე, აცხადებს, რომ "ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის შიში აქვთ.

„თუ ეს ჩანაწერები არ არის ავთენტური, მაშინ, მით უმეტეს, უნდა დადგინდეს, რა წყაროებით შეიქმნა ეს ჩანაწერი,“ - აცხადებს ნინო კალანდაძე.

პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრი, ირმა ნადირაშვილი, დარწმუნებულია, რომ ეს ჩანაწერი ავთენტურია.

„გამოძიება რომ არ იწყება, ეს არ ცვლის ორ ფაქტს, რომ შს მინისტრი არის ბრიყვი და ძალიან საშიშია, ის ზრუნავდეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების უსაფრთხოებაზე და ის, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არის პოლიტიკურად მოტივირებული დევნა,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს მმართველი გუნდი ეხმიანება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი, აცხადებს, რომ ეს ჩანაწერი იმ ყურადღებას არ იმსახურებს, რამდენსაც მისი ოპონენტები უთმობენ.

„გამოძიების დაწყება კონკრეტული სამართალდამცავი პირების პრეროგატივაა და მათ იციან არსებობს თუ არა საკმარისი სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ გამოძიება დაიწყოს ან არ დაიწყოს. ასე რომ, პროკურატურის კომპეტენციაა და მე ზედმეტ კომენტარს არ ვაკეთებ,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

უკრაინულმა ვებგვერდმა რამდენიმე კვირის წინ აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც, სავარაუდოდ, საქართველოს შს მინისტრი ვითომდა უკრაინელ კოლეგას მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე ესაუბრება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები