19 მაისი 2024,   13:03
ვრცლად
მოთხოვნები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით - ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს

ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს. 11 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ეროვნულ დემოკრატების პარტიის ოფისში შეიკრიბნენ, რათა მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მოთხოვნები წერილობით გაუგზავნონ.

მთავარი მოთხოვნა 2020 წლისთვის არჩევნების მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაა.

ოპოზიციამ ხელისუფლებისგან გზავნილი მიიღო, რომ მათ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავიანთი მოთხოვნები წერილობით ჩამოაყალიბონ.

ოპოზიციური პარტიები ერთობლივი ტექსტის შედგენაზე მუშაობენ, რომელშიც ასახული იქნება მათი მოთხოვნები.

კონსულტაციების დაწყების წინ, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ესწრება, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, გიორგი ბარამიძემ, განაცხადა, რომ მმართველ გუნდს დოკუმენტს გადაუგზავნიან, რომელშიც მათი მოთხოვნები იქნება ასახული. თუმცა, გიორგი ბარამიძის თქმით, ხელისუფლება მათი მოთხოვნების შესახებ დიდი ხანია, უკვე ინფორმირებულია.

„ცოტა უცნაურია, რომ ამდენი ხნის საუბრების შემდეგ უმრავლესობა ისევ ჯიუტად აცხადებს, რომ არა აქვთ წარმოდგენა, რა უნდა ოპოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან ბავშვურ თამაშად გვეჩვენება, მიმართული იმისკენ, რომ რამენაირად გაარღვიონ ოპოზიციური ერთიანობა, ჩვენ დღეს კიდევ ერთ დოკუმენტს გავუგზავნით, რომელშიც ისევ ის იქნება ასახული, რასაც ამდენი ხანი ვაყენებდით ხელისუფლების წინაშე,“ - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებიან ახალი საქართველოს წევრებიც. პოლიტიკური პლატფორმის თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე, იმ მოთხოვნებს აკონკრეტებს, რომელიც ოპოზიციურ სპექტრს გააჩნია.

„ძალიან მარტივ, სამხაზიან წერილს მივწერთ, რომ ბევრი არ იკითხონ, რომ არ დაიბნენ და თვალში ნაცრის შეყრა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა, აცხადებს, რომ წერილში მათი მოთხოვნები მკაფიოდ იქნება ჩამოყალიბებული.

„მხოლოდ ამ საკითხებზე პასუხის მიღების შემთხვევაში, მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი ხელისუფლებასთან ნებისმიერ სხვა საკითხზე. ამავე ტექსტში აუცილებლად იქნება ჩვენი მხრიდან მოთხოვნა უმრავლესობისადმი, რომ მათ ოფიციალურად დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია - მზად არიან თუ არა შეცვალონ სისტემა,“ - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

შეხვედრას ასევე ესწრება პოლიტიკური მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის. 

 

დღის ამბები