26 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ცეცხლის ლოკალიზებისთვის სამუშაოები ხვალ დილიდან დაიწყება

საგანგებო შტაბის სხდომა დასრულებულია. პრემიერმინისტრმა შეხვედრა დატოვა. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, სამი ძირითადი ფრონტია გამოკვეთილი - ახალი გაშენებული ტყის ზონა, წაღვერის მიმდებარე ტერიტორია და სოფელ დაბის მიმდებარე ზონა.

პრემიერმინისტრის განცხადებით, გათენებისთანავე დაიწყებს ტექნიკაც და ცოცხალი ძალაც მუშაობას.

მისივე თქმით, ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს და დამსვენებლებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

„რამდენიმე კრიტიკული ფრონტია გამოყოფილი. მძლავრი ტექნიკა უკვე ადგილზეა მობილიზებული. დილის 6 საათამდე იმ ზონებში, სადაც არის გავრცელების საშიშროება, გზები იქნება ორგანიზებული. როგორც  კი ინათებს, ცოცხალი ძალის მობილიზებაც გაკეთებული გვაქვს და როგორც სახანძრო, ასევე საავიაციო ტექნიკით, ერთდროულად დავიწყებთ. სამი კრიტიკული ზონაა, ეს არის ახალი გაშენებული ტყის ზონა, ეს არის წაღვერთან მიმდებარე სერი, სადაც ლოკალიზება უნდა გავაკეთოთ, რომ არ გავრცელდეს ცეცხლი და ეს არის სოფელი დაბა, სადაც ნაკლები საშიშროებაა გამომდინარე იქიდან, რა დინამიკაც გვაქვს ამ მომენტში. ამ სამივე ფრონტზე ცოცხალი ძალაც ორგანიზებულია. ტექნიკა არის მობილიზებული, უკვე ადგილზეა ის ბულდოზერები, რომლებიც გაიყვანენ გზებს... ბაკურიანში დამსვენებლებს არაფერი არ ემუქრებათ. ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ ამ მომენტში სიტუაციას, დილისთვის ვემზადებით. დილამდე ვიმუშავებთ ტექნიკის საშუალებით. დილით უკვე ყველა შესაძლო საშუალებით ერთდროულად შევუტევთ ამ სამივე ფრონტს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მეზობელ ქვეყნებთან დამატებითი ტექნიკის შემოყვანასთან დაკავშირებით მთელი ღამის განმავლობაში გაიმართება მოლაპარაკება.

დღის ამბები