26 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
რეკორდული დანამატები და პრემიები მუნიციპალიტეტებში - თვითმმართველობებს მაღალჩინოსნების შენახვა ასიათასობით ლარი დაუჯდა

თვითმმართველობებს ბოლო სამი წლის განმავლობაში მაღალჩინოსნების შენახვა ასიათასობით ლარი დაუჯდა. ბორჯომის გამგებელი ლიდერია მუნიციპალიტეტების იმ ხელმძღვანელებს შორის, რომელთა შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს, ჯამში, რამდენიმე მილიონი დაუჯდა.

მხოლოდ დიმიტრი ყიფიანმა პრემია-დანამატის სახით ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 200 ათასამდე ლარი მიიღო. გამგებელი ამბობს, რომ მისი მუშაობა ამ თანხის ადეკვატურია. ბორჯომის გამგებლის მსგავსად, რეკორდული მაჩვენებელი აქვს გარდაბნის ყოფილ გამგებელსაც.

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე, თითქმის, ყველა მუნიციპალიტეტიდან საჯარო ინფორმაცია ნაციონალურმა მოძრაობამ გამოითხოვა.

გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ თვითმმართველობებში მაღალჩინოსნების შენახვა ბიუჯეტს 100 ათასობით ლარი დაუჯდა.

საჯარო ინფორმაციის მიხედვით, 3 წლის განმავლობაში 100 ათას ლარზე მეტი აიღო მარნეულის მუნიციპალიტეტის უკვე ყოფილმა გამგებელმა, მერაბ თოფჩიშვილმა. საკუთარ თავს გამოუწერა, ხელფასთან ერთად, პრემია და დანამატი ფოთის მერმა, ირაკლი კაკულიამ. თანხის რაოდენობამ კი 148 ათასი ლარი შეადგინა. 167 ათასი ლარი მიიღო ბიუჯეტიდან ხელვაჩაურის გამგებელმაც, თუმცა რა მიზეზით, უცნობია.

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ გამგებლებისა თუ მერების, რომლის სახელმწიფო ბიუჯეტს ასიათასობით ლარი დაუჯდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საჯარო ინფორმაციის შესწავლას განაგრძობს.

პარტიაში ამბობენ, რომ მათ, თითქმის, ყველა მუნიციპალიტეტიდან აქვთ ოფიციალური მონაცემები მიღებული. ამ ინფორმაციის მეორე ნაწილის გასაჯაროვებას ოპოზიცია უახლოეს მომავალში ისევ გეგმავს.

დღის ამბები