02 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
ყველაზე კრიტიკულ სექტორებში გვაქვს უკვე ცეცხლის ლიკვიდაციის ფაქტები - ლევან იზორია

„ყველაზე კრიტიკულ სექტორებში გვაქვს უკვე ცეცხლის ლიკვიდაციის კონკრეტული ფაქტები,“ - ასე აფასებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია, ბორჯომის ხეობაში არსებულ მდგომარეობას.

იზორიას განცხადებით, დღეს დილიდან ბორჯომის ხეობაში 1200 სამხედრო მოსამსახურე ცეცხლის ლიკვიდაციის პროცესში ჩაერთო.

„ჩვენ გვაქვს უკვე კონკრეტული შედეგები. ჩვენ უშუალოდ თითოეული კრიტიკული სექტორი მოვინახულეთ. მაშინვე, სხვა უწყებებთან ერთად, განისაზღვრა კონკრეტული გეგმა და ყველაზე კრიტიკულ სექტორებში გვაქვს უკვე ცეცხლის ლიკვიდაციის კონკრეტული ფაქტები. ამასთან, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ადგილებზე დარჩნენ სამხედრო მოსამსახურეები, სხვა უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, რათა ინტენსიურად გაგრძელდეს, როგორც ღამის განმავლობაში, ისე აუცილებლობის შემთხვევაში, შემდეგი დღეების განმავლობაში, რათა მყისიერად მოხდეს ცალკეულ შესაძლო ცეცხლის კერის გაჩენაზე რეაგირება,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ სამხედრო მოსამსახურეებმა შეძლეს, რთული რელიეფის მიუხედავად, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება. 

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ფიზიკური ძალების ოპტიმალური ნაწილია ამ ეტაპზე ბორჯომის ხეობაში წარმოდგენილი. მინისტრის ინფორმაციით, ათეულობით ჰექტარია დამწვარი.

"უკეთესია დღეს გაცილებით მდგომარეობა, ვიდრე წინა დღეებში გვქონდა და ეს სწორედ იმ წინა მოსამზადებელი ეტაპების და სამუშაოების შედეგად გახდა შესაძლებელი, რომელმაც რთული რელიეფის პირობებში ფიზიკური ძალის მიყვანა გახადა შესაძლებელი კონკრეტულ კრიტიკულ ადგილებში," - განაცხადა ლევან იზორიამ.

ლევან იზორია შესაძლო დივერსიაზე საუბრისგან თავს იკავებს და ობიექტური გამოძიების იმედი აქვს.

მინისტრის თქმით, ფიზიკური ძალები რამდენიმე დღის განმავლობაში ადგილზე დარჩებიან, რათა ცეცხლის კერის გაჩენისას მყისიერი რეაგირება მოხდეს.

დღის ამბები