27 მაისი 2024,   05:01
ვრცლად
მოღალატეობრივი ნაბიჯი - ოპოზიცია ხელისუფლებისგან ოკუპანტი ქვეყნისთვის დახმარების თხოვნაზე განმარტებას ითხოვს 

ქართული მხარის მიერ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში რუსეთისთვის დახმარების თხოვნის ფაქტს, ოპოზიცია ეხმაურება.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებისგან განმარტებებს ითხოვენ.

ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ გახდა საჭირო რუსეთისთვის დახმარების თხოვნა და რატომ დამალა ფაქტი საქართველოს ხელისუფლებამ.

„მთავრობამ უნდა გააკეთოს განმარტება და მკაფიოდ თქვას მიმართეს თუ არა ოკუპანტ სახელმწიფოს, პირდაპირ ნოტით, შევიცარელების გავლით დახმარებისთვის. თუ ეს დადასტურდა ეს კიდევ ერთხელ ძალიან სამწუხარო  ფაქტი იქნება და როგორც მინიმუმ უთავბოლობისა და არაკომპეტენტურობის მაჩვენებელი იქნება, როდესაც იმის ნაცვლად, რომ ხანძრის პირველივე წუთებიდან, პირველივე საათებიდან მეგობრებს სთხოვო დახმარება, ნოტას აგზავნის ოკუპანტ ქვეყანასთან და დახმარებას სთხოვ იმას, ვისშიც თავად ამ მთავრობასვე ეპარება ეჭვი, რომ ის ხომ არ აწყობდა დივერსიას ბორჯომის ხეობაში,“-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს ხელისუფლებას ოკუპანტ ქვეყანასთან თანამშრომლობასა და მოღალატეობრივ საქმიანობაში ადანაშაულებს „ნაციონალური  მოძრაობა.“

„ჩვენი ხელისუფლების საფირმო ნიშნად იქცა ამასობაში, რომ მოსახლეობას როგორც წესი ატყუებენ და უმალავენ ისეთ სენსიტიურ ინფორმაციას, როგორიც არის ოკუპანტთან თანამშრომლობა. ჩვენ გვახსოვს ასეთი შემთხვევა გაზპრომზე, როდესაც თვეების განმავლობაში საზოგადოება არ იყო ინფორმირებული. კითხვები ისმოდა და პასუხები არ არსებობდა. უკვე მოღალატეობრივად და მავნებლურად მოქმედებენ, არაფრად აგდებენ საზოგადოების აზრს,“-აცხადებს ნინო კალანდაძე.

რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ინფორმაციით, ქართველმა დიპლომატებმა რუსულ მხარეს დახმარების თხოვნით ოფიციალურად მიმართეს.

ზახაროვამ სკანდალურ ინფორმაცია „კურიერთან“ ექსკლუზიურად დაადასტურა. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი განმარტავს რომ ქართული მხარისგან ბორჯომის ხეობაში სახანძრო სამუშაოებში ჩართვის თხოვნა მოსკოვში შვეიცარული დიპლომატიური ხაზის გავლით მიიღეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები