19 მაისი 2024,   15:55
ვრცლად
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, რომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის 2 საქმეა აღძრული, ქვეყანა დატოვა

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ, საქართველო დატოვა.

ამ ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ, თუმცა, გამორიცხავენ, რომ ის ქვეყნიდან გაიქცა და ამბობენ, რომ ოთარ ფარცხალაძე დასასვენებლად არის წასული.

როდის დაბრუნდება ქვეყანაში ყოფილი მთავარი პროკურორი, უცნობია.

ძალოვან უწყებებში სისხლის სამართლის 2 საქმეზე გამოძიება, სადაც ფარცხალაძე მთავარი ფიგურანტია, ამ დრომდე მიმდინარეობს.

ერთ-ერთი საქმე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყოფილ უფროსზე, ლაშა თორდიაზე, თავდასხმას უკავშირდება.

ლაშა თორდია, სამართალდამცველებს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ მას დაზარალებულის სტატუსი 3 თვის წინ მიანიჭეს და მას შემდეგ არაფერი შეცვლილა. ყოფილი მთავარი აუდიტორი არ გამორიცხავს, რომ ოთარ ფარცხალაძე ძალოვან უწყებებში თავის გავლენას იყენებს.

თორდიას მტკიცებით, ოთარ ფარცხალაძე მას, რამდენიმე ადამიანთან ერთად, თავს თბილისის ერთ-ერთ კაფესთან დაესხა და ამის მთავარი მიზეზი სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ყოფილი მთავარი პროკურორის შესაძლო კორუფციული საქმიანობის შესახებ მიმდინარე გამოძიება იყო.

ამ საქმეზე გამოძიება პროკურატურამ რამდენიმე თვის წინ აუდიტის სამსახურის დასკვნის საფუძველზე დაიწყო. უწყების მიერ გასაჯაროებული დოკუმენტებით დასტურდებოდა, რომ ფარცხალაძესა და დედაქალაქის მერიას შორის გარიგება შედგა. საუბარია ყოფილი მთავარი პროკურორის კომპანია შპს ბი ეს არ - სი დი ჯი დეველოპმენტის მიღებული ზარალსა და მერიის მიერ კომპენსაციის გადაცემაზე.

ყოფილი მთავრი პროკურორის ინტერესების დამცველები კი აუდიტის მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებს „აბსურდულს“ უწოდებენ. ადვოკატების განცხადებით, ფარცხალაძემ ორივე გამოძიების ფარგლებში ამომწურავი ჩვენება მისცა.

დღის ამბები