19 მაისი 2024,   14:57
ვრცლად
20 ოპოზიციური პარტია მმართველი გუნდისგან საკონსტიტუციო ცვლილებებზე დათმობაზე წასვლას ითხოვს

მმართველი პარტია ოპონენტების პოლიტიკური მხარდაჭერის მიღებას კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კვლავ ცდილობს და მორიგი დიალოგის გამართვას არ გამორიცხავს.

მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ პარასკევს ოპოზიციასთან კონსტიტუციის თემაზე მოლაპარაკებები ჩაშლილად გამოაცხადა, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციისგან არსებული მოთხოვნების წერილობით ჩამოყალიბება კვლავ მოითხოვა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საპარლამენტო უმცირესობა და არასაპარლამენტო ოპოზიცია შენიშვნების კუთხით ერთიან პოზიციაზე ვერ შეთანხმდა და კონსენსუსი სწორედ ამიტომ ვერ შედგა.

თავად ოპოზიცია კი უმრავლესობის ასეთ ბრალდებას „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს.

20-ვე პარტიაში აცხადებენ, რომ უმრავლესობის მიერ არაერთხელ შეცვლილი პოზიცია მათთვის გაუგებარია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზად არასდროს ყოფილა და ქართული ოცნება ერთპარტიული კონსტიტუციის დამტკიცებას ცდილობს.

20 პარტია საკონტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის სანაცვლოდ მოითხოვს: გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, პარტიებს საარჩევნო ბლოკების შექმნის საშუალება მიეცეთ, დაიწიოს ბარიერი და პრეზიდენტი აირჩიოს ხალხმა.

გაიმართება თუ არა ვენეციის კომისიის შუამავლობით 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრა, ამ დრომდე უცნობია. ოპოზიცია ხვალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გიმართავს. შეხვედრაზე ვენეციის კომისიისთვის საგანგებო მიმართვას შეიმუშავებენ.

ვენეციის კომისიის მდივანმა, ტომას მარკეტმა, დღეს საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსთან განმარტა, რომ არანაირი შეტყობინება შეხვედრის ჩაშლის თაობაზე ჯერ თბილისიდან არ მიუღიათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები