26 აპრილი 2024,   07:16
ვრცლად
საშემოდგომო სესია სამშაბათს იხსნება - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა კონსტიტუციას დაამტკიცებს

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ უმრავლესობა კონსტიტუციას მესამე მოსმენით მიიღებს.

ოპოზიციის განცხადებით, მმართველი გუნდი საკუთარ პოლიტიკურ გეგმას მიჰყვება და ცვლილებას მასში, სავარაუდოდ, არც ევროპელი ექსპერტების კრიტიკის შემდეგ შეიტანს.

ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო, იმედგაცრუებულია მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტზე კონსენსუსის არარსებობისა და კონკრეტული ცვლილებების გამო. ბუკიკიომ პირადად დაადასტურა ისიც, რომ 6 სექტემბერს ქართულ პოლიტიკურ პარტიებთან სტრასბურგში შეხვედრა არ იქნება.

ამ ფორმატის ჩაშლის შემდეგ, არასაპარლამენტო ოპოზიცია ახალ დღის წესრიგს, ქვეყნის გარეთ შეხვედრებს დასავლელ პარტნიორებთან და საპროტესტო ტალღას ქვეყნის შიგნით, აანონსებს.

პარლამენტი მომავალი კვირიდან შეიკრიბება და საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, სავარაუდოდ, ერთ-ერთი პირველი, რასაც მესამე მოსმენით კენჭისყრაზე დააყენებს.

მმართველ გუნდში მათ გეგმებთან დაკავშირებით დღეს დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებიათ.

საშემოდგომო სესიის პირველი ბიუროს სხდომა სამშაბათს გაიმართება. მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, თუმცა ოპოზიცია არ გამორიცხავს, საკონსტიტუციო ცვლილებების სესიაზე გატანის საკითხი სწორედ პირველივე ბიუროზე გადაწყდეს.

დღის ამბები