26 აპრილი 2024,   08:05
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებები - ოპოზიცია პრეზიდენტთან ერთად მთავარი კანონის ირგვლივ ახალ შენიშვნებს ამზადებს

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები პრეზიდენტს ხვდებიან. ისინი პრეზიდენტთან ერთად მთავარი დოკუმენტის ირგვლივ ალტერნატიული წინადადებების შექმნას მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევენ თუმცა, ოპოზიციონერებს არ აქვთ მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი, მათ რომელიმე შენიშვნას ან შეთავაზებას გაითვალისწინებს.

მთავარი მოთხოვნები კი უცვლელია - ისინი 2020 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და პრეზიდენტის არჩევის პირდაპირი წესით დატოვებას მოითხოვენ.

საპარლამენტო უმცირესობის მდივანი, ირაკლი აბესაძე „ქართულ ოცნებას“ კონსტიტუციის ახალ პროექტთან დაკავშირებით საზოგადოების მოტყუებაში ადანაშაულებს.

„ასეთი ტიპის მცდელობებში ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ, მაგრამ ყველას კარგად გვესმის, რომ მთელი პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ჩიხში შეყვანილ სიტუაციაზე ეკისრება „ქართულ ოცნებას“,“ - აცხადებს ირაკლი აბესაძე.

„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი, გიორგი ახვლედიანი აცხადებს, რომ თუ მმართველი გუნდი ერთპარტიულ კონსტიტუციას მიიღებს საზოგადოება ხელისუფლების რევოლუციური გზით ცვლილებას მოახდენს.

„ხელისუფლება პატარა ბავშვივით იჭაჭება და ჯიუტად ითხოვს თავის თავზე მორგებულ კონსტიტუციას. ეს კიდევ უფრო მეტ პოლიტიკურ ფასს გადაახდევინებს "ქართულ ოცნებას." ყველა შემთხვევაში ვითარებას მიიყვანს კრიზისამდე და კატასტროფამდე,“ –აცხადებს გიორგი ახვლედიანი.

პოლიტიკური ერთობა ”ახალი საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ ამ მოლაპარაკებებით კიდევ ერთ შანს აძლევენ მმართველ გუნდს, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს.

„საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი, ოპოზიცია, საერთაშორისო საზოგადოება, ყველა ამბობს, რომ ის, რასაც აკეთებს "ქართული ოცნება," ეს არის კანონგარეშე, ეს არის უკანონო და ესა არის ავტორიტარიზმი,“ - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

საპარლამენტო ოპოზიციაში პრეზიდენტის მხრიდან ვეტოს დადებას მოელიან და იმედოვნებენ, რომ ის წინადადებები, რომლებსაც ამ შეხვედრებზე წამოაყენებენ მომავალში მოტივირებულ შენიშვნებში აისახება.

დღის ამბები