26 აპრილი 2024,   06:56
ვრცლად
ის, ვინც ამბობს, რომ არ არის საჭირო პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, ის არის ქვეყნის მოღალატე - ირმა ინაშვილი

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თბილისის მერობის კანდიდატი, ირმა ინაშვილი წინასაარჩევნოდ დაგეგმილ აქციებზე საუბრობს. აქციის პარალელურად, აქტივისტები შიმშილობასაც აპირებენ.

„გავდივართ გარეთ იმიტომ, რომ არ მივცეთ საშუალება ამ ხელისუფლებას, ერთ მშვენიერ დღეს გახდეს ის, რაც იყო წინა,“ - აცხადებს ირმა ინაშვილი

ირმა ინაშვილმა „განსხვავებული აქცენტების“ ეთერში აღნიშნა, რომ დღეს მმართველი გუნდის მიმართ გაცილებით ლმობიერი იქნება, რადგან, მისი თქმით, „რუსთავი 2“ მხარეს წარმოადგენს. 

მერობის კანდიდატის თქმით, მათ მიერ დაყენებული საკითხების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ეს აქციები მთავრობის გადაყენების მოთხოვნაში გადაიზრდება.

ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა დიალოგის შესაძლებლობა ამოწურა და განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „შოკში ჩააგდო ვენეციის კომისია“.

„მმართველმა გუნდმა მოახდინა საარჩევნო სისტემის უზურპაცია. დღეს, საარჩევნო სისტემა მთლიანად ხელში აქვს აღებული ერთ პარტიას,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილი მისი პარტიის წევრების რუსეთში ვიზიტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "პატრიოტთა ალიანსი" საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის წინააღმდეგი არ არის.

მან ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრეა. 

„ის, ვინც ამბობს, რომ არ არის საჭირო პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან, პირდაპირი დიალოგი ოსებთან და პირდაპირი დიალოგი მოსკოვთან, იმისთვის, რომ აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ზუსტადაც ის არის ქვეყნის მოღალატე და ქვეყნის ინტერესების გამყიდველი,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი ბოკერია-კვესიტაძის „იდეოლოგიის მძევალია“ და პრემიერს და მმართველ გუნდს ამისგან გათავისუფლებას და რუსეთთან დიალოგის გააქტიურებისკენ მოუწოდებს. 

დღის ამბები