06 მაისი 2024,   12:54
ვრცლად
მმართველ გუნდში პრეზიდენტის შეთავაზებას „არასერიოზულს“ უწოდებენ

„სერიოზულად არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ ინიციატივისთვის პასუხის გაცემა, ნამდვილად,“ - ასე აფასებს  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი პრეზიდენტის და ოპოზიციის ერთობლივ ინიციატივას.

პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ოპოზიციასთან დიალოგის შემდეგ კონსტიტუციასთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითად საკითხზე სრული კონსენსუსი შედგა. პრეზიდენტის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივ პოზიციას მმართველ გუნდს და ვენეციის კომისიას წარუდგენენ.

პრეზიდენტის შეთავაზებას მმართველ გუნდში „არასერიოზულს“ უწოდებენ. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობა იღებს, რადგან ხალხისგან ლეგიტიმაცია სწორედ მათ აქვთ.  

„სერიოზულად არ ვიცი, რამდენად შეიძლება ამ ინიციატივისთვის პასუხის გაცემა, ნამდვილად იმიტომ, რომ რაღაც ახლებური განმარტებაა კონსესუსი, როდესაც უმრავლესობა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს და ვინც საზოგადოებამ და მოსახლეობამ აირჩია ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა გამოეთიშოს პროცესს და ვიღაც სხვამ, სადღაც უნდა დაწეროს, ვისაც ამისთვის არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია უნდა დაწეროს კონსტიტუცია,“ - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, გიორგი ტუღუში აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით დაწერილი ახალი წინადადებები ვენეციის კომისიას გადაეგზავნება.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ თუ მმართველი გუნდი ერთპარტიულად მიიღებს გადაწყვეტილებას კონსტიტუციასთან დაკავშირებით, მაშინ ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის წინაპირობა შეიქმნება.

დღის ამბები