26 აპრილი 2024,   05:24
ვრცლად
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა - მსოფლიო ლიდერებმა გაეროს ტრიბუნიდან რუსულ აგრესიაზე ისაუბრეს

გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე, დებატების გახსნის დღეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი  საქართველო იყო. ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინაშე არსებულ პრობლემებზე წევრი სახელმწიფოების მეთაურებმა ისაუბრეს.

თურქეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისთვის გადამწყვეტი ფაქტორია.

“საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა გადამწყვეტი სამხრეთ კავკასიაში რეგიონული სტაბილურობისთვის. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ მუშაობა მთიანი ყარაბახის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების დარეგულირების საკითხზე. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი კრიზისი, რომელსაც დღეს უყურადღებოდ დავტოვებთ, შესაძლოა ხვალ რეგიონულ ან საერთაშორისო კრიზისად გადაიქცეს,”-განაცხადა ერდოღანმა.

საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაზე ისაუბრა, პოლონეთის პრეზიდენტმაც.  ანჯეი დუდას განცხადებით, თითქმის 10 წელია საქართველოში გაერო-ს წესდების მიხედვით ფუნდამენტური, საზღვრების ხელშეუხებლობისა და სუვერენიტეტის პატივისცემის პრინციპები ირღვევა.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა ესტონეთის პრეზიდენტმაც. ლიტვის პრეზიდენტმა კი გამოსვლის ძირითადი ნაწილი რუსეთის კრიტიკას დაუთმო. დალია გრიბაუსკაიტეს მოხსენების დროს რუსეთის დელეგაციამ დარბაზი დატოვა.

„მიუხედავად რუსეთის მიერ აღებული ვალდებულებისა დაიცვას საერთაშორისო მშვიდობა როგორც უსაფრთხოების საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, მან საქართველოზე თავდასხმით, ყირიმის უკანონო ანექსიითა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში პირდაპირი მონაწილეობით გაეროს წესდება დაარღვია. რუსეთი აგრძელებს სხვადასხვა არჩევნებში ჩარევას, კიბერთავდასხმების ორგანიზებას, და ავრცელებს დეზინფორმაციას და პროპაგანდას დაქვემდებარებული მედიის საშუალებით . მსოფლიოში სხვადასხვა რეჟიმების მიერ ძირითადი საერთაშორისო ნორმების იგნორირება ხშირად ჩვენი მხრიდან ამ დარღვევებზე არასათანადო რეაგირებისა გამო ხდება. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ პასიური დამკვირვებლები,”-განაცხადა დალია გრიბაუსკაიტემ.

დღის ამბები