19 მაისი 2024,   00:52
ვრცლად
პარტიული საარჩევნო სიების შემადგენლობა კვლავ უცნობია - სიის წარდგენის ვადა დღეს იწურება

პოლიტიკურ სუბიექტებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში კანდიდატების წარდგენის ვადა ეწურებათ. იმის მიუხედავად, რომ პარტიების უმეტესობამ მერობისა და საკრებულოს კანდიდატები უკვე დიდი ხანია დაასახელა, პარტიული საარჩევნო სიების შემადგენლობა ჯერაც უცნობია.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განმარტავენ, რომ პარტიებს პროცედურის დასასრულებლად დრო დღის ბოლომდე, საღამოს 6 საათამდე აქვთ.

უწყების ცნობით, ცესკოში საარჩევნო სია ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ 5-მა პოლიტიკურმა პარტიამ წარადგინა. შესაბამისად, ცნობილია მხოლოდ „პროგრესულ დემოკრატიული მოძრაობის“, „ზვიადის გზა უფლის სახელით“, „მშრომელთა სოციალისტური პარტია“, ბლოკი - „დავით თარხან მოურავი - ირმა ინაშვილი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ და პოლიტიკური ორგანიზაცია „რესპუბლიკური პარტია".

„ხუთ პარტიას აქვს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარმოდგენილი თავისი პარტიული სიები, კანონმდებლობის მიხედვით, ბოლო ვადა არის დღევანდელი დღე, ოღონდ დღეს 6 საათამდე. შესაბამისად, საარჩევნო სუბიექტებს შესაბამისი სიების, მაჟორიტარი კანდიდატებისა და ასევე მერობის კანდიდატების წარმოდგენის ვადა აქვთ. რაც შეეხება ამ 5 პარტიას, მათ წარმოადგინეს სიები და მიმდინარეობს ის პროცედურები, რაც არის კანონმდებლობით გაწერილი,“ - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

საარჩევნო სიების წარდგენის შემდეგ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ორდღიანი ვადა აქვს იმისთვის, რომ სიაში შეყვანილი კანდიდატების მონაცემები გადაამოწმოს.

ადგილობრივ არჩევნებში სულ 23 პოლიტიკური პარტია და ხუთი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

დღის ამბები