26 აპრილი 2024,   08:02
ვრცლად
საგარეო საქმეთა მინისტრის 9 თვიანი ანგარიში ცხარე დებატების ფონზე წარიმართა

დიასპორის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის 9 თვიანი ანგარიში ცხარე დებატების ფონზე წარიმართა. ოპოზიციამ საგარეო საქმეთა მინისტრისგან მოითხოვა კითხვაზე პასუხი, თუ რატომ მიმართა საგარეო უწყებამ ბორჯომის ხეობის ხანძრის დროს რუსეთს დახმარების თხოვნით.

მთავარი პრეტენზია ოპოზიციონერ დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრთან პარლამენტში არ მისვლასთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ირმა ნადირაშვილი დაინტერესდა, იცნობს თუ არა მინისტრი რეგლამენტს, რადგან ნადირაშვილის თქმით, უკვე დიდი ხანია ოპოზიცია მიხეილ ჯანელიძეს კითხვებზე პასუხის გასაცემად პარლამენტში უშედეგოდ იბარებს.

"კანცელარიაში ძალიან დიდი ხანია გაქვთ უმცირესობის წერილი, სადაც ჩვენ გთხოვეთ, რომ სექტემბრის განმავლობაში თქვენთვის სასურველ ნებისმიერ დროს მობრძანებულიყავით პარლამენტში და უმცირესობის კითხვებისთვის გაგეცათ პასუხი.

საერთოდ პარლამენტის იმისთვის არის დაყოფილი თუ თქვენ არ იცით ბიუროდ, კომიტეტებად და შემდეგ სხდომად, რომ ეს არის სავალდებულო. ჭკუას არ გასწავლით, მე მაინტერესებს თქვენ კანონზე მაღლა აყენებთ თავს, თუ რატომ არ მობრძანდით პარლამენტში უმცირესობასთან შეხვედრაზე? გეშინიათ და გირჩევნიათ უმრავლესობის ზურგს იყოთ ამოფარებული, თუ რა არის თქვენი მოტივაცია?" - მიმართა ნადირაშვილმა ჯანელიძეს.

”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა სალომე სამადაშვილმა კი განაცხადა, რომ მომავალში, მაშინ, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელი კვლავ უპასუხოდ დატოვებს კითხვას, პარტია სასამართლოს მიმართავს, რათა მინისტრმა პასუხი გასცეს დეპუტატის შეკითხვას.

„თქვენ, როგორც ჩანს, არ გესმით საკუთარი ვალდებულებები და ანგარიშვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე," - მიმართა მინისტრს სამადაშვილმა. 

სალომე სამადაშვილი კიდევ ერთხელ დაინტერესდა, თვლის თუ არა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომ რუსეთისთვის დახმარების თხოვნით საქართველოს ხელისუფლებამ დემონსტრირება გაუკეთა საკუთარ სისუსტეს.

„მე მესმის, რომ თქვენთვის რუსეთი არ არის მტრული სახელმწიფო, თქვენი ხელისუფლების წარმომადგენლების კავშირები ბიზნესის სფეროში რუსეთთან გასაგებია, მათ შორის თქვენი ეკონომიკის მინისტრის, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს სახელმწიფო არის ოკუპანტი სახელმწიფო ამ ქვეყნის,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ოპოზიციის კრიტიკულ განცხადებებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა უპასუხეს. სოფიო კილაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მხრიდან საუბარი იმაზე, რომ მინისტრები პარლამენტში არ მიდიან და კითხვებს არ პასუხობენ, უხერხულია. რაც შეეხება რუსეთისთვის დახმარების თხოვნას, კილაძე ამბობს, რომ ასევე გასაკვირია საყვედური, რადან წინა ხელისუფლებას საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავდა რუსეთის მოქალაქე.

დღის ამბები