26 აპრილი 2024,   05:13
ვრცლად
ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის არდანიშვნის გამო აკრიტიკებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით პრეზიდენტის უარს აკრიტიკებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა არ დაინიშნა.  

საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცების მიზნით, უმრავლესობა ხვალ მაინც შეიკრიბება.

„პირველი პრეცედენტი შექმნა მარგველაშვილმა იმის, რომ ის არ ნიშნავს პარლამენტის რიგგარეშე სხდომას, რაც კონსტიტუციასთან არ არის შესაბამისობაში. კონსტიტუციაში წერია, რომ პრეზიდენტი რიგგარეშე სხდომას ნიშნავს პარლამენტის მოთხოვნით და მთავრობის წარდგინებით. წარდგინებას და მოთხოვნას შორის ზუსტად ის განსხვავებაა, რომ ერთ შემთხვევაში დისკრეცია აქვს პრეზიდენტს, მეორე შემთხვევაში, როცა პარლამენტის მოთხოვნაზეა საუბარი, იქ პრეზიდენტმა უნდა დანიშნოს, ბუნებრივია, რიგგარეშე სხდომა. შესაბამისად, სხდომის არდანიშვნა არის, რა თქმა უნდა, კონსტიტუციასთან შეუსაბამო და ეს არის, ასევე, პარლამენტის მიმართ, ბუნებრივია, უპატივცემულობის გამოხატულება,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

მან ასევე აღნიშნა, რომ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კომუნიკაცია შედგა რიგგარეშე სხდომის დანიშვნასთან დაკავშირებით. პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან კი პასუხად მიიღეს, რომ შაბათ-კვირას პრეზიდენტი არ მუშაობს. 

ირაკლი კობახიძე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ქმედებებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ბავშვურ ქცევად მოიხსენიებს. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა რიგგარეშე სხდომის არდანიშვნის გამო, კონსტიტუცია დაარღვია და პარლამენტის მიმართ უპატივცემულობა გამოხატა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე სხდომის დანიშვნის ვადა იწურება სამშაბათს, რის შემდეგაც, პარლამენტს სხდომის მოწვევის შესაძლებლობა მიეცემათ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ოპონენტებს აკრიტიკებს. მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ შემუშავებულ პროექტს მხარს ხუთი საპარლამენტო პარტია უჭერს და ასევე, აღნიშნავს, რომ დოკუმენტს ვენეციის კომისია დადებითად აფასებს.

დღის ამბები