26 აპრილი 2024,   07:57
ვრცლად
"ქართული ოცნების" კანდიდატების წარსული - ელისო კილაძე პარტიის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს

„ქართული ოცნების“ თბილისის საკრებულოს წევრობის კანდიდატების წარსულის შესახებ გაზეთ „ქრონიკა პლუსში“ გამოქვეყნებულ ინფორმაციას „ქართულ ოცნებაში“ ტყუილად აფასებენ. კერძოდ, გაზეთის მიხედვით, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დავით უთმელიძე იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ბაჩო ახალაიას პერიოდში იყო დასაქმებული.

თავად კანდიდატი კი, ამ ინფორმაციას უარყოფს და ჟურნალისტებს მოუწოდებს, ფაქტები გადაამოწმონ, სანამ ვინმეს მიმართულებით „ლაფს გაისვრიან“.

„2005 წლის ნოემბერში, მე, დავით უთმელიძე, გათავისუფლებული ვარ იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების სისტემიდან. ფიზიკურად, ამ დღის მერე, ერთი წუთი, ერთი წამი, მე არ მიმუშავია ამ სისტემაში, მითუმეტეს, ბაჩო ახალაიას სისტემაში. ძალიან მინდა ვთხოვო ე.წ. სიმართლის მოყვარულ ჟურნალისტებს, ჩემს ოპონენტებს, სანამ რამეს გამოაქვეყნებენ, სანამ ვიღაცისკენ ლაფს გაისვრიან, გადაამოწმონ. როცა სიმართლეზე პრეტენზია გაქვთ, ძალიან გთხოვთ, ციფრები, რიცხვები, თვეები, თუნდაც, წლები მაინც გადაამოწმეთ,“ - განაცხადა დავით უთმელიძემ.

ამ საკითხზე „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი, ელისო კილაძე აცხადებს, რომ ინფორმაცია თავად დავით უთმელიძის იმ პერიოდის თანამშრომლებთან გადაამოწმა და აღნიშნავს, რომ ბაჩო ახალაია 2005-2008 წლებში იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო.

„ეს არაფერს არ ნიშნავს თავისთავად, მიუთითებს მხოლოდ „ქართული ოცნების“ ორმაგ სტანდარტზე, იმიტომ, რომ 2012 წლიდან მოყოლებული, „ქართული ოცნება“ მუდმივად აპელირებს იმაზე, რომ ციხეებში იყო პატიმართა წამება, არაადამიანური მოპყრობა და წლობით იზრდება რიცხვი, ციხეებში გაუპატიურებული ადამიანების და მეორეს მხრივ, „ქართულ ოცნებას“ საკუთარ პარტიაში და საარჩევნო სიაში ჰყავს სწორედ იმ პერიოდის მაღალჩინოსანი,“ - განაცხადა ელისო კილაძემ.

დღის ამბები