02 მაისი 2024,   01:29
ვრცლად
საქართველოს კონსტიტუცია ვეტოს მოლოდინში - პრეზიდენტს 10 დღიანი ვადა აქვს

მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საკონსტიტუციო საკითხებზე, ოპოზიციის გარეშე პირისპირ დიალოგს სთავაზობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის მეთაური “ქართულ ოცნებას“ ცვლილებებზე გაფართოებულ ფორმატში მსჯელობას სთავაზობდა.

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის პოზიცია, მესამე მოსმენით მიღებულ მთავარ კანონზე უარყოფითია, თუმცა, დაადებს თუ არა პრეზიდენტი კანონს ვეტოს, უცნობია.

კონსტიტუციის ახალი რედაქციის საბოლოოდ მიღების შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე საკონსტიტუციო ცვლილებების მორიგ რაუნდს აანონსებს. უმრავლესობა გადაუნაწილებელ მანდატებზე ბონუსების სისტემის გაუქმებასა და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, ერთჯერადად, საარჩევნო ბლოკების შენარჩუნებას აპირებს. ირაკლი კობახიძე პრეზიდენტს სწორედ ამ ორი საკითხის მოტივირებული შენიშვნების სახით წარდგენას სთხოვს.

ოპოზიცია პრეზიდენტის ინიციატივას, საკონსტიტუციო ცვლილებების გაფართოებულ ფორმატში განხილვასთან დაკავშირებით, მიესალმება. პოლიტიკოსები გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე ვეტოს დადებას თხოვენ.

არასაპარლამენტო ოპოზიციაში თვლიან, რომ მესამე მოსმენით მიღებულ კონსტიტუციას პოლიტიკური ლეგიტიმაცია არ აქვს და პრეზიდენტს მოუწოდებენ, ხელი კანონპროექტს არც პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევის შემდეგ მოაწეროს.

პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად 10 დღიანი ვადა აქვს.

დღის ამბები