02 მაისი 2024,   02:10
ვრცლად
ეს ზღაპრები და სურვილები მოყვნენ „ქართული ოცნების“ ოფისში - ლევან ხაბეიშვილი

„გადაწყვეტილება მიიღეს, ეს არ გაუკეთებიათ საკრებულოს დეპუტატებს, ეს გააკეთა, ფაქტობრივად, სპეცსამსახურმა, საპატრულო პოლიციამ, კრიმინალურმა პოლიციამ და შსს-ს იმ დანაყოფებმა, რომლებიც ადგილზე იყვნენ,“ - ასე აფასებს ენმ-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, საკრებულოს მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის გადაცემის საკითხის განხილვის დაყენებას.

საკრებულოში დაპირისპირება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიისთვის მიწის გადაცემის საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის მოთხოვნას მოჰყვა.

ხაბეიშვილის თქმით, საკრებულოს უმრავლესობა აღნიშნულ მიწის ნაკვეთებს ბიძინა ივანიშვილის გარდა სხვას არ დაუკანონებდა. ენმ-ის წევრის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მისი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მიწის არაერთი ნაკვეთი მცირე ფასად შეისყიდა.

მმართველი გუნდის არგუმენტს, რომ ივანიშვილი ამ ტერიტორიაზე სარეკრეაციო ზონას აკეთებს, რომლით სარგებლობაც მთელ ქალაქს შეეძლება, ხაბეიშვილი „ზღაპრებად“ მოიხსენიებს.

„ეს ზღაპრები და სურვილები მოყვნენ „ქართული ოცნების“ ოფისში, იქ, სადაც კახი კალაძე ზის,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილი საზოგადოებაზე კი არა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს. მისი თქმით, ქალაქში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველია და მისი თქმით, წარმოუდგენელია, ამ მოსახლეობას გოლფის სათამაშოდ ეცალოს. 

დღის ამბები