26 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
6 თვის განმავლობაში, როგორც უდაბნოში ქართველი ხალხი დადიოდა და ისმენდა „ქართული ოცნების“ მოსაზრებას - ანა დოლიძე 

რომელი იურიდიული, პოლიტიკური, მორალური ლოგიკით შეიძლება საზოგადოებას უნდოდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა და არ უნდოდეს, თავისი დეპუტატის პირდაპირი არჩევა? - ამ კითხვით საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს დამოუკიდებელმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მიმართა.

ზურაბიშვილი დაინტერესდა, რატომ ითხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, როდესაც მოითხოვს შეეზღუდოს ხალხს უფლება აირჩიოს საკუთარი მაჟორიტარი კანდიდატი.

„თუ ასეთი მნიშვნელოვანია თქვენი დეპუტატის მანდატი, თუ ასეთი მნიშვნელოვანია ის ნდობა, რომელიც საარჩევნო ყუთთან მისვლით ქართველმა ხალხმა გამოგიხატათ, რომ ყოფილიყავით აქ და დაგეწერათ კანონები, მაშინ რატომ ართმევთ იგივე უფლებას ქართველ ხალხს, რომელმაც თავისი ზურგით და თავისი ხელით დაამტკიცა, რომ აქვს უფლება აირჩიოს ის, ვინც უნდა პრეზიდენტად და გადაირჩიოს როდესაც არ უნდა იგი,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნას უკავშირდებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაზა ხუციშვილის კითხვაც.

„მე არ გახლავართ პოლიტიკური პარტია "ქართული ოცნების" წევრი, დაირღვევა თუ არა ჩემი უფლება მაჟორიტარულ სისტემაზე უარის თქმის და პროპორციულზე გადასვლის დროს, რადგან მე ამ შემთხვევაში აღარ მექნება საშუალება, რომ ვიყო არჩეული პარლამენტში,“ - მიმართა ხუციშვილმა დოლიძეს.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა მმართველი გუნდის წევრს საკონსტიტუციო განხილვები და გაცემული დაპირებები შეახსენა.  

„6 თვის განმავლობაში, 2017 წელს, როგორც უდაბნოში, ქართველი ხალხი დადიოდა და ისმენდა „ქართული ოცნების“ მოსაზრებას, დაწერილ საკონსტიტუციო პროექტში, რომ ჩვენ გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე 2020 წლიდან, ამასვე ისმენდა ის 70 პროფესორი, რომელიც ზის სტრასბურგში და ვენეციაში. ეს არის ის ოცნება, რომლის განხორციელება უნდოდა „ქართულ ოცნებას“, რომელთან დაკავშირებითაც, დაიხარჯა უამრავი რესურსი, დაიდო უამრავი დაპირება, გაფრინდა უამრავი ხალხი ვენეციაში და სტრასბურგში, დაიკრა უამრავი ტაში და საბოლოო ჯამში, ივნისში აღმოჩნდა, რომ შიდაპარტიული შეთანხმება არ არსებობს ამასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა დოლიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები