21 ნოემბერი 2017,   17:38
ვრცლად
სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები მთავრობაში - პრემიერის საგანგებო ბრიფინგი

სამთავრობო ცვლილებებისა და სამინისტროების ოპტიმიზაციის შესახებ უკვე ოფიცილაური დეტალები ცნობილია. საგანგებო ბრიოფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა გამართა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილის პრესკონფერენციიდან გახდა ცნობილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უერთდება ენერგეტიკის სამინისტრო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბუნებრივი რესურსების მართვის კომპონენტი. უწყებას ფინანსთა ახლანდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. ის ასევე ინარჩუნებს პირველი ვიცე პრემიერის პოსტს.

მთავრობის ახალ შემადგენლობაში აღარ იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი. მას ამჟამინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია შეცვლის. 

ცვლილებების თანახმად, შს სამინისტროში დღეს მოქმედი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსა და სახელმწიფოს უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმა ხდება. რეორგანიზაციის შედეგად კი, იქმნება საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი, რომელსაც ყოფილი შს მინისტრი უხელმძღვანელებს. 

პრემიერმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ქუმსიშვილის შემცვლელად „საქართველოს რკინიგზის“ ხელმძღვანელის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა დაასახელა.

ცვლილებების მიხედვით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უერთდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა კომპონენტი. მინისტრის პოსტს კი, მიხეილ ჩხენკელი დაიკავებს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორია.

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის კომპონენტთან ერთიანდება. კვირიკაშვილის თქმით, მინისტრის თანამდებობას დაიკავებს მიხეილ გიორგაძე.

გარემოს დაცვის სამინისტროს უერთდება სოფლის მეურნეობის სამინისტრო, პოტს სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრი ლევან დავითაშვილი დაიკავებს.

ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი საგარეო საქმეთა სამინისტროს უერთდება. უწყებას ვიცე პრემიერი მიხეილ ჯანელიძე უხელმძღვანელებს. 

როგორც დღევანდელი ბრიფინგიდან გახდა ცნობილი, პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამ კუთხით გატარდა არა ერთი რეფორმა და გამომდინარე იქედან, რომ საგარეო დაზვერვა ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია, გადაწყდა უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება.

ცვლილებათა პაკეტი საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, უახლოეს მთავრობის სხდომაზე დამტკიცდება და განსახილველად პარლამენტს წარედგინება.

პრემიერმა პარლამენტს რეფორმების მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რათა პროცესი წლის ბოლომდე დასრულდეს. 

 

დღის ამბები