16 დეკემბერი 2017,   00:01
ვრცლად
22-საათიანი სპეცოპერაცია დასრულებულია - სროლისა და აფეთქებების ხმა მთელი დღის განმავლობაში ისმოდა

სპეცოპერაცია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე 22 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ორმხრივი სროლა და აფეთქებების ხმა საცხოვრებელ კორპუსებთან მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად ისმოდა.

ოპერაციის დასრულებამდე სპეცდანიშნულების რაზმებმა შტურმი ბინაზე, სადაც ტერორიზმში ბრალდებული პირები იყვნენ გამაგრებულები, რამდენჯერმე მიიტანა. სპეცრაზმელებს დანაშაულებრივი ჯგუფის გასანეიტრალებლად ჯავშანმანქანების გამოყენებაც კი დასჭირდათ.

მაშინ, როდესაც გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ტერორიზმში ბრალდებულების წინააღმდეგ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, სამართალდამცავებმა იმავე კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. ადგილობრივი მცხოვრებლები აცხადებდნენ, რომ სამართალდამცავებმა წინასწარ არავინ გააფრთხილეს და საკუთარ საცხოვრებელ ბინებში ძლიერი აფეთქებებისა და სროლის ხმა ყველასათვის მოულოდნელი იყო.

სპეცოპერაციის მიმდინარეობისას ერთი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ორმხრივი ძლიერი სროლის დროს 4 სამართალდამცველი დაიჭრა.

სპეცოპერაციაში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა სპეცრაზმელმა და პოლიციელმა მიიღო. დედაქალაქის ყველაზე ცხელ წერტილში სპეცსამსახურების წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან. 

ბოლო ჯავშანმანქანამ დედაქალაქის ყველაზე ცხელი წერტილი 18:00 საათზე დატოვა. 

 

ავტორი: თაკო სურუგულაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები