26 აპრილი 2024,   05:34
ვრცლად
დებატები სტრუქტურულ ცვლილებებზე - ოპოზიცია ნეპოტიზმსა და ახალ საფრთხეებზე საუბრობს

„თქვენ, მღებრიშვილისგან ქმნით ახალ მინდია ჯანელიძეს და ახალ ჭიკაიძეს,“ - ეს განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

დეპუტატები სხდომაზე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავდნენ. დაახლოებით 3 საათიანი განხილვის დროს, ოპოზიციის მთავარი შეკითხვები ოპტიმიზაციის შედეგად დაზოგილი თანხების ზუსტ რაოდენობას და ნეპოტიზმის ახალ საფრთხეებს ეხებოდა.

„ევროპული საქართველო“ დღეს კიდევ ერთხელ დაინტერესდა, რამდენს დაზოგავს სახელმწიფო, სტრუქტურული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება ცვლილებების იმგვარად გატარებას ფიქრობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, კონკრეტული ადამიანებისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები. აქედან გამომდინარე, ოპოზიცია ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

„თქვენ, მღებრიშვილისგან ქმნით ახალ მინდია ჯანელიძეს და ახალ ჭიკაიძეს. 82 მილიონი გამოყავით და შექმენით ამ ადამიანისთვის ახალი სამსახური. მე შეგახსენებთ, გიორგი მღებრიშვილის სხვა საგმირო საქმეებსაც, მაგალითად, როდესაც ის სატელეფონო ხულიგნების მსხვერპლი გახდა, რაც იცოდა მოუყვა და შემდეგ უკან გადაურეკა, პრემიერთან კონსულტაციის მერე, თუ რამე გამორჩა, ის დაამატა. ბატონი მღებრიშვილი არის ჩვეულებრივად, ჩემი გადასახედიდან მაოხრებელი მკვდარი, იმიტომ რომ როდესაც ის წავიდა, ამ დროს ჩატაევი, როგორც მერე ირკვევა, უკვე შემოსული იყო ქვეყანაში და შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ამაზე არცერთი განცხადება არ გაუკეთებია. როგორც ჩანს, ის საქმის კურსში ამის თაობაზე არ იყო,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მმართველ გუნდში არსებულ ნეპოტიზმზე ამახვილებს ყურადღებას პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - რეგიონების” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი.

„სინამდვილეში, კამათი სათაურებზე კი არ უნდა მიდიოდეს, კამათი უნდა მიდიოდეს ფუნქციებზე, თუ რა ფუნქციები უნდა შეასრულოს მთავრობამ და თუ ეს არ არის გააზრებული, მაშინ ბუნებრივია, მთავრობა რჩება უბრალოდ დასაქმების ადგილად, სადაც ადამიანები, გააჩნია ვინ ვისი ნათესავი და ახლობელია და ვინ ვის „კრიშავს“, იმის მიხედვით იღებს პრემია-დანამატებს და იმის მიხედვით განისაზღვრება მისი ანაზღაურებული თანხა,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ოპოზიციის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უპასუხა და აღნიშნა, რომ ნეპოტიზმი, სწორედ წინა ხელისუფლების დროის იყო. 

„როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ რეფორმის მიზანშეწონილობაზე, მთავარია რომ დავინახოთ უმთავრესი მიზანი. ეს არ არის რაიმე დამატებითი მიზნები, როგორც ეს ხდებოდა წარსულში, ნათესავების დასაქმება და აქტივისტების დასაქმება იმდენად არის გამჯდარი ჩვენი წინა ხელისუფლების წარმომადგენლების ფსიქიკაში, რომ მათ სხვანაირად ვერ წარმოუდგენიათ და ვერ წარმოუდგენიათ იმ რეალური მიზნების შესახებ, როდესაც ხდება ტექნიკური გაერთიანება ამ რეფორმის პირველ ეტაპზე და მართვის ახალი მოდელის შექმნა," - აცხადებს მდინარაძე. 

დღის ამბები