02 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
სააკაშვილის გათავისუფლებას "ქართული ოცნება" უკრაინის შიდა საქმეს უწოდებს - ოპოზიცია პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს 

უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით და განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან თბილისში.

„ევროპული საქართველოს“ წევრები ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ უკრაინაში გრძელდება პოლიტიკური დევნა, რომელიც 2013 წელს საქართველოში დაიწყო.

„ჩვენ არ ვერევით უკრაინის შიდა პოლიტიკაში, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ეს პოლიტიკური დევნის აქტი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ხორციელდება, რა თქმა უნდა, არის ცუდი უკრაინისთვისაც და ცუდი საქართველოსთვისაც. ამ ყველაფრის ძირი არის საქართველოში დაწყებული პოლიტიკური დევნა. ყველას უნდა ჰქონდეს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საშუალება,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიორგი კანდელაკმა.

უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებას შიდა საქმეს უწოდებენ და კომენტარს არ აკეთებენ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი მხოლოდ იმ ბრალზე საუბრობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილს საქართველოში აქვს წაყენებული.

„ქართული მართლმსაჯულება სააკაშვილს ედავება საკმაოდ მძიმე დანაშაულებებისთვის. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, იმედის დარბევიდან დაწყებული, გირგვლიანის საქმით დამთავრებული და აქვეა რა საკვირველია, ფინანსური დარღვევები და ბოროტად გამოყენება თანამდებობის. ყველა ეს საკითხი არის არგუმენტირებული გარკვეული დოკუმენტური მასალებით. რაც შეეხება უკრაინის მართლმსაჯულების დამოკიდებულებას სააკაშვილის მიმართ, ეს ნაკლებად სამსჯელოა,“ - აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი.

ამავე თემაზე
დღის ამბები