26 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება - პრემიერი მიხეილ სააკაშვილზე

ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს - ეს განცხადება, საქართველოს პრემიერმინისტრმა, მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და უკრაინაში განვითარებულ პროცესებზე საუბრისას გააკეთა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საკითხს არა ერთი უსაფუძვლო სპეკულაცია მოჰყვა. პრემიერი ამბობს, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრული ურთიერთობა არსებობს, თუმცა მიხეილ სააკაშვილის საკითხი პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება.

„ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს. მე მოვისმინე ძალიან ბევრი სპეკულაცია და კონსპირაციის თეორიები ამ საკითხთან დაკავშირებით. დამერწმუნეთ, რომ ჩვენ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანასთან, უკრაინასთან ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს განსახილველი და ნამდვილად ასეთი საკითხები პოლიტიკურ დონეზე არ იხილება,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერიც. არჩილ თალაკვაძის თქმით, ექსტრადირების საკითხზე მოლაპარაკებები მხოლოდ შესაბამის უწყებებს შორის მიმდინარეობს.

„ეს საკითხი არის უკრაინის შიდა პოლიტიკური საკითხი და რა თქმა უნდა, შეფასებები უკრაინელმა პოლიტიკოსებმა უნდა გააკეთონ. სამართლებრივი საკითხები, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს, არის საქართველოს და უკრაინის პროკურატურას შორის თანამშრომლობის თემა. იცით, რომ ამაზე ოფიციალური კომუნიკაცია არსებობდა, სისხლის სამართლებრივი საკითხები არსებობს და შესაბამისი მოთხოვნა საქართველოს პროკურატურას აქვს გადაგზავნილი უკრაინის შესაბამის ორგანოებთან,“ - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები