21 მაისი 2024,   15:51
ვრცლად
ზვიად რატიანის საქმე - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდა 

ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, უფლებადამცველებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ბრალდების მხარე პოეტს ადმინისტრაციული კოდექსის ორი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობას გულისხმობს.

სასამართლომ ზვიად რატიანს 2000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. რატიანის ადვოკატი მტკიცებულებების არარსებობაზე საუბრობს და ჯარიმის გაუქმებას ითხოვს.

გარდა ამისა, რატიანის დაცვის მხარე მომავალ კვირას აპირებს გენინსპექციას მიმართოს. ადვოკატი პასუხს ითხოვს კითხვებზე, რატომ იყო გავრცელებული კადრები ფრაგმენტული და მობილური ტელეფონით გადაღებული.

„მთავარი არგუმენტაცია სააპელაციო საჩივრისა არის ის, რომ სასამართლოს მიერ გამოკვლეული არცერთი მტკიცებულებით არ მტკიცდებოდა ზვიად რატიანის მხრიდან წვრილმანი ხულიგნობის ჩადენის ფაქტი. გავასაჩივრეთ პოლიციის შეურაცხყოფის ნაწილშიც და სააპელაციო სასამართლოს მხრიდან ველოდებით გადაწყვეტილების მიღებას,“ - განაცხადა ზვიად რატიანის ადვოკატმა ანა ნასრაშვილმა.

დღის ამბები