02 მაისი 2024,   05:23
ვრცლად
გიორგი მარგველაშვილის განცხადებები გადაცემა "არჩევანში" - შეფასებები ოპოზციაში

გიორგი მარგველაშვილის მიერ, გუშინ გადაცემა "არჩევანში" გაკეთებულ განცხადებებს, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შესახებ, შეფასებები მოყვა საპარლამენტო ოპოზიციაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ, ის ბრალდებები, რაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არსებობს, ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელია. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი თავად განიცდის ამ საკითხის სიმძიმეს. 

„ის, რომ მიხეილ სააკაშვილის გასამართლება ხდება აბსურდული ბრალდებებით და ეს პიჯაკების საქმედ არის წოდებული, სინამდვილეში, მასში არის ასახული ნებისმიერი ის ხარჯი, რომელიც გაწეულია თუნდაც იგივე უცხოური დელეგაციის მასპინძლობა ან ელჩების დაპატიჟება სადმე ან თუნდაც პრეზიდენტ იუშენკოს აბანოს ხარჯები და ა.შ. ბუნებრივია, ეს ძალიან ნეგატიურ ასახვას პოვებს საერთაშორისო წრეებში და პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, როგორც ჩანს, ეს საკუთარ თავზე განიცადა, თუ რა დიდი სირცხვილია, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტს ასეთი გამოგონილი ბრალდებებით ასამართლებენ, მაგრამ იგი ვალდებულია, რომ სასწრაფოდ გაასაჯაროოს მსგავსი ხარჯები, რომელიც იყო გაწეული "ქართული ოცნების“ პერიოდში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ქვეყნის იმიჯის დაზიანებაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილიც. ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ გიორგი მარგველაშვილს ჯერ კიდევ 2014 წელს უნდა გაეკეთებინა ამ საკითხზე სერიოზული განცხადებები.

„თავის დროზე რომ პრეზიდენტი სერიოზულად მიდგომოდა ამ საკითხს, მას განგაშის ზარები ჯერ კიდევ 2014 წლიდან უნდა შემოეკრა, როდესაც ის წავიდა ვიზიტებით სხვადასხვა ქვეყანაში და ნახა, რომ პოლიტიკური დევნა ძალიან აზიანებდა ქვეყნის იმიჯს,“ - აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

დღის ამბები