26 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
უშუქობა, მოუწესრიგებელი წყალმომარაგება და კანალიზაცია - ცხოვრება ე.წ. ოცნების ქალაქში

მახინჯაურში, ე.წ. ოცნების ქალაქში შესახლებული დევნილები, სოციალურად დაუცველები და უბინაოდ დარჩენილები მთავრობისგან უყურადღებობაზე საუბრობენ. 

ისინი ე.წ. ოცნების ქალაქში 2012 წელს დროებით შესახლდნენ, იმ იმედით, რომ ახალი ხელისუფლება მათ ბინებით დააკმაყოფილებდა, თუცმცა ფართები არ დაუკანონდათ. შესაბამისად მათი საცხოვრებელი არაკანონიერია. ამის გამო, არც მრიცხველებს უდგამენ და არც ყურადღებას აქცევენ.

ელექტროენერგია დასახლების მცხოვრებლებმა კუსტარულად გადმოიყვანეს. თითო მრიცხველზე ათობით ოჯახია მიერთებული, გადასახადსაც გაორმაგებულს იხდიან. კუსტარულად დამონტაჟებულ გაყვანილობაში ხშირია ხანძრებიც.

დასახლებაში სულ 33 გამანაწილებელი დგას. საიდანაც ელექტრო ენერგიას 300- ზე მეტი ოჯახი იღებს. კაბელები ასეთ დატვირთვას ვერ უძლებს და ხშირად იწვება. 

ტერიტორიას მთავრობა ადგილობრივებს ვერ დაუმტკიცებს რადგან ის უკვე გაყიდულია. 2015 წელს მთელი ფართობი "ენერგო პრო ჯორჯიამ" ქვესადგური ასაშენებლად იყიდა. 

"ენერგო პრო ჯორჯიაში" ოცნების ქალაქის პრობლემა იციან. ამბობენ, რომ გამრიცხველიანებას ვერ გააკეთებენ, რადგან ფართები დაკანონებული არ არის.

ე. წ. ოცნების ქალაქში ჩასახლებული ოჯახების შესახებ აჭარის მთავრობაში საუბარი არ უნდათ. ასობით ოჯახი დაჭაობებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. შენობებში მოუწესრიგებელია კანალიზაცია და წყალგაყვანილობა.

ავტორი: თეა ვაშალომიძე.

დღის ამბები